რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ 5 ივლისის მოვლენების სათანადო მართვა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობის აღკვეთა? წამოეგო თუ არა ქვეყანა კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ სცენარს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ან სპეცსამსახურების ინტერესებში შესაძლოა, შედიოდეს. ღირსების სახელით დაწყებული ძალადობა და 55-მდე ნაცემი მედიის წარმომადგენელი. რატომ არ ჰქონდა პოლიციას ბრძანება მიცემული, რომ აგრესიული ჯგუფების დაკავება დ განეიტრალება მომხდარიყო? შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა.
ისმის კითხვა, რატომ გამოირჩეოდნენ 5 ივლისს რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები განსაკუთრებული აგრესიით დასავლეთის და მისი ღირებულებების წინააღმდეგ? ჩაშლილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მიუხედავად, რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე და რიგით მოქალაქეებზე ძალადობა განაგრძეს.
პირველი იერიში რადიკალურად განწყობილმა ჯგუფმა პარლამენტის უკან მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე მიიტანა. შენობას ბოთლები, კვერცხები და ქვები დაუშინეს, ჩაამსხვრიეს მინები. რამდენიმე ადამიანი შენობაში შეიჭრა.
პრაიდის მოწინააღმდეგეთა მეორე სამიზნე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ლგბტქ+ ორგანიზაციის ოფისი გახდა. ფანჯრებზე დამონტაჟებული გისოსებისა და აივნის მოაჯირების დახმარებით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ოფისში შეიჭრა. წინააღმდეგობა მათ ადგილზე მყოფმა ათამდე სამართალდამცველმა ვერ გაუწია.
განადგურებულია ორგანიზაციის დროშები, ბანერები და სხვა ინვენტარი - ნივთები ფანჯრიდან გადმოყარეს, რის შემდეგაც დაწვეს.
ჰომოფობიური შეძახილებით რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი მრგვალი ბაღის მიმართულებით დაიძრა. გაეროს წარმომადგენლობას კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შენობაში შეღწევის მცდელობა არ ყოფილა, ვინაიდან შესასვლელთან რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო განლაგებული.
ძალოვანმა უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, პროტესტი კანონიერ ფარგლებში გამოხატონ. პარალელურად, უწყებამ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების, მოძრაობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის გარდა, აგრესიის სამიზნე დღეს არაერთი რიგითი მოქალაქე გახდა. ისინი მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, ან სხვადასხვა აქსესუარი ეკეთათ.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი პასუხისმგებლობას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის აქციის ჩატარებას არ მიესალმება და ეს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილით ახსნა.
პრემიერ-მინისტრმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დაინახა. ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თანმიმდევრულად გაიმეორეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც - მმართველი გუნდის დეპუტატებმა და ბოლოს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ოპოზიცია კი, რომელსაც მთავრობა რევანშისტულ ძალას უწოდებს, მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის უკან სწორედ ხელისუფლებას ხედავს. უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერის განცხადებამ ჰომოფობიური ჯგუფები წაახალისა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და კატეგორიულად გმობს.
პრეზიდენტმა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები დაგმო. მან საკმაოდ კრიტიკული კომენტარი გააკეთა და დაზარალებული მედიის წარმომადგენლებიც მოინახულა.
„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო. ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!
მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.
მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.
მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!
მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
„როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?!“ - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქომ განცხადებებით მოუწოდებდა ლგბტ პირებს, საზოგადოება არ გაეღიზიანებინათ.
„რადგანაც ჩვენ ვხედავდით, რომ ორშაბათს ხალხი იკრიბებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, ამის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა. ჩვენს განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ დაანებეთ თავი ხალხის გაღიზიანებას. რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს პრაიდი ერთ-ერთი ნაბიჯია, გადახედეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც ადრე დაიწყო გენდერული თეორიის დანერგვა, ნახავთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს „პრაიდით“ არ მთავრდება, „პრაიდი“ არ არის მიზანი.
საბოლოო ჯამში, ეს მოძრაობა სრულდება ერთსქესიანთა წყვილების მიერ შექმნილი ოჯახური ურთიერთობისთვის შვილის აყვანის უფლებით. ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებით, ბავშვები, რომლებიც გააშვილეს ასეთ ოჯახებში, ისინი უჩივიან სახელმწიფოს, ვინ დაარღვია მათი უფლება? ვინაა პასუხისმგებელი, რომ მათი ცხოვრება დაინგრა? გაიზარდნენ ოჯახში, სადაც 2 დედა ჰყავდათ ან 2 მამა იმის მაგივრად, რომ დედა და მამა ჰყავდეთ“, - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა სიმბოლური აქტი იყო და ეს შემთხვევით არ მოხდა. ეს ადამიანები სპეციალურად იყვნენ დარიგებულები და დაორგანიზებულები იმისთვის, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ დასავლური ღირებულებები როგორი მიუღებელია. სიმონიშვილი ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ საპატრიარქოსაც.
„პრემიერის განცხადება წამქეზებლური იყო და ამას შინაგან საქმეთა სამინისტროც აჰყვა. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას რომელიმე კონკრეტული აქციის და პროტესტის ჩატარება არ უნდა, იქ კარგად ეკიპირებული პოლიცია დგას. აქ იმასაც ვერ ვიტყვით, შსს მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური იყო თუ არა. ჩვენ ვნახეთ პრემიერის განცხადება, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური კონტექსტი იკითხებოდა. ეს კი მოძალადე ჯგუფებისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკურ მეტოქეზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა და პროცესები ხელიდან გაექცა. ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ, ძალადობისთვის მივიდნენ. იქ რომ აღარავინ დახვდათ, გაღიზიანებულებმა ჯავრი მედიაზე იყარეს. ხელში მხოლოდ ჟურნალისტები შერჩათ და ეს აგრესია ანთხიეს. ეს იყო სახელმწიფოებრივად ძალიან გაუაზრებელი ქმედება, რომელმაც აგრესიული ჯგუფების წახალისება გამოიწვია“, - ამბობს სიმონიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა და პროცესები ხელიდან გაექცა. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მიერ ამ 7 თვის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით დადებული ყველა ნაღმის განეიტრალება „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ქცევა და პასუხი არაადეკვატური იყო.
ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, გაეროს შენობასთან მივარდნა და „წადი“-ს ყვირილი იმის ნიშანია, რომ აქ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები. მათ მთავარ ამოცანას კი ის წარმოადგენდა, რომ საქართველო ეჩვენებინა ისეთი, როგორიც რეალურად არ არის. ეს კი, პოლონელი ტურისტის დაჭრისას მოქალაქეების რეაქციამ აჩვენა - როგორ გააკავეს დამნაშავე, რომელმაც ტურისტი მხოლოდ საყურის გამო დაჭრა. საყვარელიძე ამბობს, რომ როგორი მართალიც არ უნდა იყო, როცა ამას ძალადობით ამბობ და გამოხატავ, შენი უკვე აღარავის სჯერა.
„ღარიბაშვილის განცხადება ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო. არ შეიძლება ხელისუფლება ასე ადვილად ვიღაცის მიერ დაგებულ ანკესზე წამოეგოს. როდესაც ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და დაძაბული სიტუაციაა, ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პირიქით, სიტუაციის განეიტრალებას უნდა ცდილობდნენ. ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ პოცესები ხელიდან შესაძლოა გაქცეოდა. ჩვენ თვალს იმას ვადევნებდით, რაც მთელი ნახევარი წელი ოპოზიციის მცდელობა იყო უმართავი პროცესი და ქაოსი. ქალაქის ცხოვრებაში აურზაურის შეტანა უნდოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ამის თავიდან არიდება შეძლო. მერე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები ქალაქის პარალიზებით იმუქრებოდნენ და არც ეს გამოუვიდათ. ახლა ვარლამ გოლეთიანი ვის გვერდითაც იდგა დავინახეთ. ეს ნაღმიც ხელისუფლებამ გაანეიტრალა. ახლა წამოვიდა მესამე თემა, რომელიც აგვიფეთქდა. ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა. კრემლს აწყობს, რომ საქართველოს და დასავლეთს შორის ხიდი ჩატყდეს. მათი გეგმა ის არის, რომ დასავლეთმა ისეთი საქართველო დაინახოს, უარი ჩვენზე თავისი ნებით თქვას. ხანუმა რომ დახვდა ფილმში ქეთოს მაგივრად სასიძოს, ეს ილეთი რუსეთს სულ აქვს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის საქართველოს არასტაბილური სახელმწიფოს იმიჯი შექმნა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი ევროკავშირის და მის ორგანიზაციების წინ აქციები გაიმართება, მოხდება ოფისების დარბევა, ეს არის რუსული სცენარით თამაში. ეს რაუნდი ხელისუფლებამ რუსეთთან და საკუთარ ხალხთან წააგო. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ახლა, სასწრაფოდ, ხელისუფლებამ დამნაშავეების დასჯა უნდა დაიწყოს და რაღაცნაირად ეს სირცხვილი ჩამოირეცხოს. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ამ პრაიდის უკან მართლა ოპოზიცია იდგა და რაღაცას გეგმავდნენ, მაშინ სად იყო ხელისუფლება და ეს რატომ არ აღმოფხვრა? მთელი პასუხისმგებლობა მაინც მასზე გადადის, ხოლო ამ პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა ძალიან ცუდი მცდელობაა, რადგან როგორი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მაინც მას უწევს.
„ვინც დაუფიქრებლობით ამ სიტუაციის ესკალაციას ხელი შეუწყო, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სახელმწიფომ თუ თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღო, მაშინ მეტ-ნაკლებად ქვეყანას ეს ლაქა ჩამოსცილდება. თუ არადა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი ძალიან დიდი იქნება. ეს არ არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის სახე, რომელიც რუსეთს უნდა რომ აჩვენოს. ნებისმიერი რანგის თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომლის დანაშაულიც გამოიკვეთება. აქ პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავ. ეს პრობლემა პოლიტკური არ არის, ეს უფრო დიდი პრობლემაა. ადამიანები როგორ უნდა მიიყვანო იმ ზომამდე, რომ სახე ასე დაკარგონ!“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
?
და ვინ მიიყვანა, თქვენი ზრით?
ღარიბაშვილმა მიიყვანა?
პატრიარქმა მიიყვანა?
თუ, ლგბტ თემმა მიიყვანა, რომელსაც ცალკე ოპოზიცია აქეზებდა პარლამენტიდან თუ ქუჩიდან (გაიხსენეთ რომან გოცირიძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, დავით ბერძენიშვილის და სხვათა განცხადებები!), ცალკე, დიპლომატიური კორპუსი, (ანუ, ელჩები იმ ქვეყნებისა, საიდანაც ამგვარი "პრაიდები" ფინანსდება!) ამუნათებდა ხელისუფლებას, ეკლესიას და მთელ მოსახლეობას, აცალეთ ჰომოსექსუალებს ჩაატარონ მორიგი გეი-აღლუმიო?!
ესენი არაფერ შუაში არიან და პრემიერი ღარიბაშვილია დამნაშავე?!
*
გუშინ ყველა "ცნობადმა სახემ" გამოიდო თავი! - აიფონი ყველასა აქვს, ფეისბუკ-ინსტაგრამებშიც ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში... შეიძლება განათლების, მართლწერის, პუნქტუაციის პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ იმდენს ყველა ახერხებს, რომ დაგმოს ეს "რუსეთიდან მართული ჰომოფობებისა და წვერებიანი ბნელი სამღვდელოების ველურობა და არაევროპელობა".
"- რა მოხდებოდა, რომ ეცლიათ და ჩაეტარებინათ ეს პრაიდი, ვის რა დაუშავდებოდა?! - კითხულობს ერთი ჩვენი ადგილობრივი მნიშვნელობის მოდელი და მიწაში დებს ამ "ველურებს", რომელთაც, თურმე, არც ძველი ბიბლია აქვთ წაკითხული და არც ახალი... (ბიბლიის მკითხველს ის მაინც გაახსენდებოდა, რისთვის გაანადგურა უფალმა სოდომი და გომორი!).
არ უჩნდება კითხვა: - რომ არ ჩაეტარებინათ ეს აღლუმი, მაშინ რა მოხდებოდა?!
რაო, ერექცია აღარ ექნებოდათ კაცებს კაცებზე თუ ქალები ვეღარ მოეფერებოდნენ ერთმანეთს?!
არ აფრთხილებდნენ ლგბტ-ს მთელი თვე: - არ მოაწყოთ ეს "პრაიდი", თორემ ცუდად დაამთავრებთო?!
ხომ იცოდნენ, რომ ასეთი იქნებოდა ბოლო?!
იცოდნენ, მაგრამ მაშინ, ეტყობა, ფულებს აღარ გადმოურიცხავდნენ დასავლელი სპონსორები.
ე.ი. უღირდათ!..
მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას თანდათან გაუხედნის თვალს და ყურს და მიაჩვევს ამათ გეი-პარადებს, მერე კი ერთსქესიანთა ქორწინებაზეც დაითანხმებს პარლამენტს, - ნუ ექნება ამის იმედი!
*
გამოსავალი მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებშია საძებარი: ჩაატარონ რეფერენდუმი - მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? უმრავლესობამ გადაწყვიტოს - გვინდა თუ არა?
თუ უმრავლესობას უნდა - ჩაატარონ და ვინც ხელს შეუშლის, დაისაჯოს სასტიკად!
თუ უმრავლესობას მიუღებლად მიაჩნია - აიკრძალოს და მორჩა!
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი წლის ამ დროს საავადმყოფოებს ეყოლება უამრავი თავპირ-დასისხლიანებული პაციენტი, ხოლო ციხეს - მოძალადეობისთვის დასჯილი ათობით პატიმარი...