„თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაწყებასთან ერთად, გააქტიურდა მოწოდებები, საზოგადოებამ არ დაუშვას „ღირსების მარშის“ ჩატარება. საქართველოს საპატრიარქო 5 ივლისს, მოსახლეობას „ღირსების მარშის“ „მშვიდობიანად გასაპროტესტებლად“ იწვევს.
საინტერეოა, განმეორდება თუ არა 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, როდესაც სასულიერო პირები LGBTQ+ პირებს დაუპირისპირდნენ და მათ „ტაბურეტკებით“ მისდევდნენ.
3 ივლისს საპატრიარქომ LGBTQ+ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამასთან, საპატრიარქო აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტქ+ თემის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას სთხოვდნენ საქართველოს მთავრობას.
„ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.
იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.
ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. „პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას. ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს. ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუმცა, ამის მიუხედავად, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ღონისძიების გაუქმებას არ გეგმავენ და აცხადებენ, რომ ესკალაციის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება. როგორც თამაზ სოზაშვილმა For.ge-ს უთხრა, მათ არ სურთ 2013 წლის მოვლენები განმეორდეს, რისი წინაპირობაც, მისი თქმით, დღეს არ არსებობს, სხვა შემთხვევაში ღონისძიებას არ ჩაატარებდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა იყო პირველ და მეორე ღონისძიებაზე, ყველაფერმა გართულების გარეშე, წარმატებულად ჩაიარა. პოლიცია თავის მოვალეობას ასრულებს და ახერხებს, რომ კონტროლი ჰქონდეს სიტუაციაზე. კონტრ-დემონსტრანტებიც დიდი რაოდენობით არ ყოფილან.
რაც შეეხება 5 ივლისს, იქ შეიძლება დიდი რაოდენობა იყოს ადამიანების, თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს. იმედი მაქვს, შსს კიდევ უფრო გააძლიერებს ზომებს იმისათვის, რომ ე.წ. მშვიდობიანი აქცია, რომელიც არასდროს ისტორიაში არ ყოფილა მშვიდობიანი, მოახერხებს მათ გაკონტროლებას. როგორც ჩანს, ვერ იყო გაკვეთილი 2013 წლის 17 მაისი საპატრიარქოსთვის. არ განმეორდება 2013 წელი.
2013 წლის 17 მაისს საპატრიარქომ გამოავლინა თავი, ძალიან კარგად აჩვენა და მთელ მსოფლიოს დაანახა, როგორი ძალადობრივი ინსტიტუტია, როგორ არის აცდენილი ნამდვილ ქრისტიანულ ღირებულებებს. ხვალ ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ვისაც აინტერესებს, რა მოხდება იქ, შეუძლიათ მოვიდნენ. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა ამ ორი ღონისძიების განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ ღონისძიებაზეც იგივე იქნება“, - თქვა For.ge-სთან „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 2013 წლის 17 მაისს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. ამ დღეს LGBTQ+ თემის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ეს დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აკურთხებს ქუჩებს.
მე ამაყი ვარ, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიარა შესაბამის დონეზე!