უსახელოური – ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიში

უსახელოური – ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიში

“საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების“ დარბაზში “ღვინის კლუბის“ მორიგი ლექცია უნიკალურ ქართულ ვაზის ჯიშს უსახელოურს და ამავე დასახელების ღვინოს მიეძღვნა.

 

კომპანია “უსახელაურის ვენახების“ მფლობელის, პაატა შარაშენიძის ლექცია: “უსახელოური – ლეგენდა და პერსპექტივები“ დეგუსტაციით დასრულდა. “ღვინის კლუბის“ წევრებს და სტუმრებს ღვინო ძალიან მოეწონათ და მის განსაკუთრებულ თვისებებზე ლექციის შემდეგაც დიდხანს საუბრობდნენ.

 

წითელყურძნიანი ვაზის ჯიში - უსახელოური, ლეჩხუმის საკუთრებაა. უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო მიიღება ცაგერის რაიონის სოფლების - ოყურეშის, ზუბის და ისუნდერის ვენახებიდან დაკრეფილი უსახელოურისგან.

 

90-იანი წლების დასაწყისისთვის უსახელოური, ფაქტობრივად, გადაშენებულად ითვლებოდა. ამ დროს ოყურეშს ისრაელიდან ესტუმრა ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ებრაელი, რომელმაც ადგილობრივებს უთხრა, რომ 1 კილო უსახელოურს 10 დოლარად ჩაიბარებდა. ამ წინადადებამ გლეხებს სტიმული მისცა და მართალია, პირველ ჯერზე მხოლოდ 140 კილო ყურძნის შეგროვება შეძლეს, მაგრამ შემდეგ წლებში ჯიშის გამრავლებაზე იზრუნეს და დღეს უკვე ოყურეშის ვენახების ყველაზე დიდი ნაწილი უსახელოურს უჭირავს.

 

კომპანია "უსახელაურის ვენახები" ოყურეშში საერთო ჯამში სხვადასხვა ასაკის 3 ჰექტარ უსახელოურის ვენახს ფლობს. პაატა შარაშენიძის თქმით, ვაზის ეს ჯიში მცირე მოსავლიანობით გამოირჩევა, პირველ სრულყოფილ მოსავალს 7 წლის შემდეგ იძლევა. ვენახები გაშენებულია ისეთ დაფერდებულ ადგილებზე, სადაც ზოგან გლეხები ბაწრებით ჩაბმულები თოხნიან. მთელი ფართობი ბარით და თოხით, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე მუშავდება. ღვინოსთვის ხელით გადარჩეული ყურძენი იწურება.

 

დასახელებული ფაქტორების გამო “უსახელაურის ვენახების“ ღვინო საკმაოდ ძვირია. ბოლო დრომდე ჰიპერმარკეტ “გუდვილში“ იგი 115-120 ლარად იყიდებოდა (კომპანიის ფასი: 70 ლარი). ამჟამად კი 75-80 ლარამდე გაიაფდა (კომპანიის ფასი: 48 ლარი). პაატა შარაშენიძის თქმით, 2010 წლის მოსავლის “უსახელაური“ კიდევ გაიაფდება, რაც “უსახელაურის ვენახების“ ზვრების მოსავლიანობის გაზრდას უკავშირდება.

 

ღვინის კლუბი