ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ახლო წარსულში პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფი „Yes”-ის წევრი პიტერ ბენქსი გარდაიცვალა.
პიტერ ბენქსი 65 წლის გახლდათ. ოფიციალური ვერსიით, მუსიკოსი ქალაქ ლონდონში მდებარე საკუთარ სახლში, მიმდინარე წლის 7 მარტს გარდაიცვალა.
მისი ცხედარი მხოლოდ ათი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. განგაში მისმა კოლეგებმა ატეხეს, როდესაც მუსიკოსი მოულოდნელად გაუჩინარდა და ხმის ჩამწერ სტუდიაში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა.
ჯგუფი „Yes” 1968 წელს დაარსდა და ბენქსი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. მისი უშუალო მონაწილეობით მუსიკოსებმა პირველი ორი ალბომი ჩაწერეს - „Yes” (1969) და „Time And a Word” (1970).
1970 წელს ბენქსმა „Yes” დატოვა და ახალი ჯგუფი „Flash” ჩამოაყალიბა.
1973 წელს ბენქსმა კიდევ ერთი ახალი ჯგუფი დაარსა - „Empire”. ზემოთდასახელებულ ორ ჯგუფთან ერთად მუსიკოსმა ექვსი სტუდიური ალბომი გამოუშვა.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში პიტერ ბენქს ხუთი სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი.
ბრიტანელი ექიმების მტკიცებით, ბენქსის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა აღმოჩნდა.