შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ ნანა ფაჩუაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, 31 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ბენეფისი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.
მსახიობის ბენეფისის დაწყებამდე თეატრში მანანა თევზაძის წიგნის - "მე და ჩემი რეჟისორები" პრეზენტაცია გაიმართება.
ნანა ფაჩუაშვილის ბენეფისზე კი, რომელსაც წელს 70 წელი უსრულდება წამოდგენილი იქნება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან "დარისპანის გასაჭირი", "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", "მილიონერის ვიზიტი" და "გამარჯობა 100 დოლარიანო".
სცენაზე ნანა ფაჩუაშვილს პარტნიორობას ნინელი ჭანკვეტაძე და ნუგზარ რუხაძე გაუწევენ. ასევე ფაჩუაშვილთან ერთად სცენებს სპექტაკლებიდან ნინო კასრაძე, ზაზა პაპუაშვილი, დათო პაპუაშვილი და მარი ჯანაშია შერასრულებენ. ნაჩვენები იქნება ნანა ფაჩუაშვილის როლების ვიდეო კოლაჟი.
თბილისის მერია ნანა ფაჩუაშვილს საპატიო "ქართული კულტურის ამაგდარი" წოდებით დააჯილდოვებს. ბენეფისის შემდეგ, თეატრის წინ ვარკსვლავის გახსნა და კაფე "ქიმერიონში" საზეიმო მიღება გაიმართება.
ნანა ფაჩუაშვილი 1943 წელს დაიბადა და ის 1964 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, რომელსაც არაერთი საინტერესო კინო და თეატრალური როლი აქვს შესრულებული. ნანა ფაჩუაშვილი სატელევიზო გადაცემების წამყვანიცაა.
მას სხვადასხვა დროს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული: 1976 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი გახდა, 1981 წელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, 1998 წელს ღირსების ორდენი გადაეცა, 2003 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 2007 წელს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, 2012 წელს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლ "დილა მშვიდობისა ასდოლარიანო".