შარშან ზაფხულის დადგომისთანავე ინფექციონისტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ ტურისტების მოზღვავება შემდგომ ტალღას მოასწავებდა, მაგრამ მთავრობამ საზღვაო სეზონი არ ჩაშალა და გადაწყვეტილება ეკონომიკის სასარგებლოდ მიიღო. შედეგად, სწორედ აჭარიდან დაიწყო კორონავირუსის გავრცელება.
დღეს უკვე ქართველი ინფექციონისტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
განსაკუთრებული სიფრთხილე ახლავს რუსი ტურისტების შემოშვებას. ევროპის ბევრმა ქვეყანამ აკრძალა მათი შეშვება რუსეთში დელტა შტამპის მასობრივი გავრცელებისა და ვაქცინირებულთა გაყალბებული სერთიფიკატების გამო, რომელთა ღირებულებაც 15-დან 40 დოლარამდეა.
იმდენად არასანდოა რუსული სერთიფიკატი, რომ საბერძნეთში შესასვლელად რუს ვაქცინირებულ ტურისტებს ტესტირების გავლა ორჯერ მოუწევთ.
ეპიდემიოლოგთა ნაწილი რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ტურისტთა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის მომხრეა, რათა რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაართულონ.
წელს რა შედეგის წინაშე აღმოვჩნდებით ტურისტული სეზონის დამთავრებისთანავე?
პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი მიიჩნევს, რომ
ტურიზმის დახურვა არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომელიც რეალურად მარტო ტურიზმზე ცხოვრობს. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ ზარმაცი ერი. გარდა სიზარმაცისა, არაპატრიოტი ერიც აღმოვჩნდით, ადამიანები გარბიან გერმანიაში მარწყვის მოსაკრეფად, როცა საქართველოში მარწყვი აქვთ მოსაკრეფი და არ კრეფენ, გარბიან თურქეთში თხილის მოსაკრეფად, როცა გურია და სამეგრელო თხილს მიაქვს. ამ დროს ვის რაში ვჭირდებით, როცა ერთი გერმანელი 20 ქართველზე მეტს მუშაობს?!
დავით ნანობაშვილის აზრით, თუ ჩვენს მთავრობაში პატრიოტიზმი გაიღვიძებს და აღსრულების პროცესი ადეკვატური იქნება, არანაირი პრობლემა არ ექნება ტურიზმს და ნებისმიერი ქვეყნის ტურისტის მიღება შეიძლება. პულმონოლოგი იხსენებს, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე მოუწია ყოფნა, სადაც ევროპის, ასევე, რუსი სპორტსმენები, მათი გულშემატკივრები იყვნენ და, პრაქტიკულად, არავის ეკეთა პირბადე, ეს ნიშნავს, რომ აღსრულების პროცესი არაადეკვატურია. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ადრე, როცა კომუნისტების დროს სტუმარს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, ჩვენებს კი ტყავს აძრობდნენ.
„მესმის, რომ გერმანიამ აკრძალა რუსი ტურისტების მიღება, მაგრამ გერმანიას და მის ეკონომიკას ვერ შევედრებით. იმის არ იყოს, ტოკიოსთან განსხვავება გვაქვს დროში, 300 წელიო. ჩვენ ღატაკი და ზარმაცი ერი ვართ, ასარჩევად საქმე არ გვაქვს. ბათუმში კატასტროფა ვნახე, არავინ არ იცავდა კომენდანტის საათს, ღამის 1-ელ და 2 საათზე ხალხი დადიოდა ქუჩაში, ყვირილი, წივილი, არც პირბადე არ ეკეთათ, სადაც ვცხოვრობ, ვიღაცის დაბადების დღე იყო და ფოიერვერკი ისროლეს ეზოში, ღრეობა და ღრიანცელი მოაწყეს. სამწუხაროდ, თურქები ახალისებდნენ ამ სიტუაციას. ერთ რამეს მივხვდი, რომ ჩვენი „კეთილმოსურნე“ მეზობლები ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, ტურისტი წაგვართვან. მას შემდეგ, რაც რუსულენოვანი ტურისტების დიდი ნაწილი დაიძრა ჩვენსკენ, ჩვენი მთისა და ზღვის კურორტებზე, ბაკურიანში, გუდაურში, თურქები გააქტიურდნენ. ჩვენგან განსხვავებით, თურქები თავიანთი ქვეყნის იმდენად პატრიოტები არიან, როგორც კი დაინახეს, რომ ტურისტების გარკვეული ნაწილი დაკარგეს, ტურისტს გვართმევენ, ეს მიზანმიმართულად ხდება. ბათუმში ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ, ამას როგორ აკეთებენ თურქები. ნიღბებს არ იკეთებენ, ხალხში ყრიან ხმებს, პირბადე არ არის საჭირო. თავის დროზე უვარგისმა სააკაშვილმა 30 ათასამდე თურქს მისცა საქართველოს მოქალაქეობა. ისინი ჩასახლებულნი არიან აჭარის ტერიტორიაზე, ძირითადად ბათუმში, ჩვეულებრივი მოქალაქეები არ გეგონოთ, უმეტესი ნაწილი თურქული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან. ლიფტშიც შემხვდნენ და თურქულად ვკითხე, აქ რომ ცხოვრობ, ქართულად რატომ არ ლაპარაკობ, მაშინ წადი-თქო შენს ქვეყანაში, მიბღვერდნენ, ხმა არ გამცეს. თურქეთი აფინანსებს ამ ადამიანებს, სკოლებშიც ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთია“,-აცხადებს დავით ნანობაშვილი for.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, რუს მეცნიერებს ასეთი მოსაზრება აქვთ, რომ კორონავირუსის ინდურმა ვერსიამ მუტაცია განიცადა, ამ ვირუსის მოსკოვური ვერსია კიდევ უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე ინდური ვერსია და იმუნური სისტემა მთლად ვერ უმკლავდება. შეიძლება, ამის გამო რუსი ტურისტი არ მივიღოთ და მივიღოთ გერმანელი ან ინგლისელი ტურისტი, მაგრამ გერმანელმა და ინგლისელმა ტურისტმა მოსკოვური ვერსია მაინც რომ ჩამოგვიტანოს?! ამიტომ პანდემიას საზღვრები არ აქვს. მედიკოსი ამბობს, რომ ბოლო დროს ხშირად გვესმის, რუსს შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის სერთიფიკატი ნაყიდი, მაგრამ განა რამდენმა რუსმა შეიძლება იყიდოს ეს სერთიფიკატი, ან რატომ შეიძლება იყიდოს, თუ შეუძლია, უფასოდ აიცრას?
„რუსი ტურისტები ბევრად უკეთესად ხარჯავენ, წლების წინ გურიაში გავჩერდი, მოხუცი ბებია ყიდდა „ოდკას“, გამოხდილ არაყს და მითხრა, მეყიდება, ყველაზე კარგად რუსები ყიდულობენ, არ მევაჭრებიანო. თურქებს აკანკალებთ რუს ტურისტებზე, თურქეთში ტურისტული ადგილები მოვლილი მაქვს და ყველგან თურქებმა რუსულად დაიწყეს ლაპარაკი. ინგლისური, გერმანული არ იციან, მაგრამ რუსული იციან. ამ დროს ჩვენ თურქულ სერიალებს გვიჩვენებენ“, - ამბობს დავით ნანობაშვილი.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ რუს ტურისტებთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები, სავარაუდოდ, უნდა დაწესდეს, რადგან რუსეთში საკმაოდ მაღალია კორონავირუსის გავრცელება.
„ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. ამის პრეცედენტი სხვა ქვეყნებში არის, მით უმეტეს, როგორც ამბობენ, რუსეთში ვაქცინირებულთა სერთიფიკატები შეუმოწმებლად გაიცემა. რა ფორმას მოძებნის ჩვენი სახელმწიფო რუს ტურისტთა გასაკონტროლებლად, ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება 14-დღიან კარანტინს, ტურისტად რომ ადამიანი შემოდის, 14 დღე კარანტინში როგორ იქნება? ისედაც სულ 14 დღით ჩამოდის. ამიტომ პისიარ კვლევა უნდა წარმოადგინოს, ან ორჯერადი ვაქცინაციის დასკვნა, არსებობს ბერკეტები, რითაც მეტ-ნაკლებად რუსი ტურისტების გაკონტროლება შეიძლება“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ for.ge-სთან საუბრისას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალისტებმა უნდა გვითხრან, რამდენად სარისკოა რუსი ტურისტი კოვიდპანდემიის პირობებში.
„ზოგადად, ტურიზმი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყანაში და უნდა უზრუნველვყოთ, აღდგეს მიმოსვლის საშუალებები ისე, როგორც ადრე იყო. თუმცა ეს უნდა მოხდეს კოვიდპანდემიის პრევენციის წესების გათვალისწინებით და დაცვით“, - გვითხრა გურამ მაჭარაშვილმა.