საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს თავს დაესხნენ და ბასრი საგნით თავის, ზურგის და გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენეს.
მომხდარიდან მალევე იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შემდეგ, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გადიოდა.
შსს-მ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 11 სექტემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი მოქალაქიდან ერთს 4-წლიანი, მეორეს კი 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ცოტნე გამსახურდიამ მკურნალობა უცხოეთში დაასრულა და ახლა რეაბილიტაციის კურსს თბილისში, მეუღლის ანა ჯაბაურის სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის. საქართველოს პირველ პრეზიდენტის შვილს სიარული და საუბარი ჯერაც არ შეუძლია.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწევს თუ არა უცხოეთში მკურნალობა კვლავ, ამ კითხვებით ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს ვესაუბრეთ.
როგორ არის ბატონო ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- თებერვალ-მარტში უფრო უკეთესად იყო, შემდეგ მდგომარეობა გართულდა, თუმცა, ეს რთული პერიოდი გადავლახეთ. ახლა ისევ ახლიდან დავიწყეთ გამოკეთება.
უცხოეთში რეაბილიტაციის პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდა?
- უცხოეთში წელიწად ნახევარი ვიყავით და თბილისშიც ვაგრძელებთ რეაბილიტაციას.
ბატონი ცოტნე ახლა რეაბილიტაციის რა ეტაპზეა, შეუძლია სიარული და საუბარი?
- ამ ეტაპზე ხდება მისი კოგნიტური და მოტორული ფუნქციების გაუმჯობესება. სიარული და საუბარი რომ შეეძლოს, რეაბილიტაცია აღარ დასჭირდებოდა. მარტში საუბარი შეეძლო, მაგრამ გართულების შემდეგ საუბარი ვეღარ შეძლო. რეაბილიტაცია ახლიდან დაგვჭირდა, ახლა იგივე ეტაპს უფრო სწრაფად გადის. რეაბილიტაციის იგივე ეტაპი მეორედ არის გასავლელი.
რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორ ახერხებთ ფინანსურად, სახელმწიფო დაფინანსება გაქვთ?
- ამ საკითხებს ჯერჯერობით ვალაგებთ. კონკრეტულ ვერაფერს გეტყვით.
უცხოეთში მკურნალობის გაგრძელება ხომ არ მოუწევს?
- უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ.
ასევე მინდა გთხოვოთ წელიწადნახევრის წინ დაჭრის ფაქტი რომ გაიხსენოთ. დღეს ის ადამიანები, ვინც ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტში მონაწილეობდნენ, გისოსებს მიღმა იმყოფებიან. თვლით, რომ სამართალი აღსრულდა?
- 4 ადამიანიდან, ვინც ცოტნეს თავს დაესხა, სამი დაპატიმრებულია. ერთი გაათავისუფლეს მტკიცებულებების უქონლობის გამო. ამ ოთხი ადამიანიდან, ერთ-ერთი პირი, ცოტნეს მეგობარი, რომელმაც ცოტნე კლინიკაში მიიყვანა, შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკავებული. თუმცა, ამას განვიცდით, რადგან ვთვლით, რომ იგი არ უნდა დაეპატიმრებინათ. პირიქით, ცოტნე საავადმყოფოში წაიყვანა. ამ სამიდან, ორს 15 წელი აქვს მისჯილი, ერთს კი 5 წელი. ვთვლი, რომ ისინი 15 წლის შემდეგ რომ გამოვლენ, შეიძლება უარესი გააკეთონ. არ მჯერა იმ ადამიანების გამოსწორების, რომლებიც ერთ შეუიარაღებელ ადამიანს მოულოდნელად თავს დაესხმებიან ასე ლაჩრულად. ჩემი ნება რომ იყოს, მათ უვადო პატიმრობას მივცემდი. ის, ვისაც 5 წელი აქვს მისჯილი შეუტყობინებლობის გამო, იმის მოწყობილი მგონია ეს ყველაფერი. მას ცოტნესთან ძველი ანგარიშსწორება ჰქონდა.
თქვენ თუ იცნობთ ამ ადამიანებს?
- არა, მგონი ცოტნეც არ იცნობდა. ეს ადამიანები გლდანიდან იყვნენ მოსულები და არიან ზემოთ აღნიშნული მეზობლის ნათესავები.
ასევე საუბარი იყო ქალბატონ მანანასთან დაკავშირებით, თითქოსდა თქვენ მას საავადმყოფოში არ უშვებდით. რომ გვითხრათ რეალურად რა და როგორ იყო?
- ამ ქალბატონთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს. თქვენ თუ მისთვის მოგისმენიათ, კომენტარს არც მომთხოვდით. რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიცრუე. ის გამოუშვეს საავადმყოფოდან მედპერსონალის მოთხოვნის საფუძველზე. არ მინდა დავაკონკრეტო მიზეზები რისთვის და რატომ გამოუშვეს ცოტნეს პალატიდან. მე არაფერ შუაში ვარ, საავადმყოფო ჩემი კერძო საკუთრება არ იყო, იქ მე არავინ არაფერს მეკითხებოდა. მე მაქვს ასევე წერილები და დოკუმენტები, სადაც მაცნობეს, რომ ქალბატონი მანანა აღარ დაიშვებოდა.
დღეს, ბატონი ცოტნე კოლხურ სახლში იმყოფება, სადაც ქალბატონი მანანაც ცხოვრობს?
- ცოტნე ჩემს სახლში იმყოფება, იმიტომ რომ ცოტნეს სჭირდება პოზიტიური გარემო, მის გარშემო უნდა იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მას უყვარს და ასეთი გარემო ამჟამად კოლხურ კოშკში არაა. გიორგი გამსახურდია სამართლებრივად ცდილობს გამოასწორეს ეს მდგომარეობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სასამართლოშია სარჩელი შეტანილი.
დედის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი? იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
- კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი გამსახურდია იბრძვის სამართლებრივად, რათა ცოტნე დაუბრუნდეს საკუთარ სახლს.
როგორიც ოჯახია, ისეთივეა თავად ოჯახის თავი/