საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ალასანიამ უკვე გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში შედგა. რის შემდეგაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარების საკითხზე იმსჯელეს. მინისტრებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი. ირაკლი ალასანიამ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავის მხრივ აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და რეგიონის უსაფრთხოების კუთხით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა შეხვედრაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართული და აზერბაიჯანული კონტინგენტების მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეები განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის „საქართველო III“ ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი საინჟინრო ასეულის წვრთნა აზერბაიჯანის ეროვნულ განაღმვის ცენტრში განხორციელდა. ქართული მხარე აზერბაიჯანელ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის კურსების გავლას სთავაზობს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა დაამტკიცეს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრთან იავერ ჯამალოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 19 მარტს დასრულდება.