ირაკლი ღარიბაშვილი ნამოხვანჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო პრინციპულ განცხადებას აკეთებს. როგორც ჩანს, პრემიერს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პირობები ქვეყნის და კონკრეტულად რეგიონის მოსახლეობის სასიკეთეოდ შეიცვალოს. აშკარად მთავრობის მეთაურის ნაბიჯებს ელოდებიან რიონის ხეობაშიც, სადაც პროტესტი ბოლო დღეებში მინელდა.
პარლამენტში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოსა და ჰესის ინვესტორს შორის გაფორმებული კონტრაქტის არსებული პირობები მისთვის მიუღებელია.
„ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე. არ დამიმალავს, რომ პროექტი დამხვდა მემკვიდრეობით და, რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, რომელიც კონტრაქტში წერია, თუნდაც 100 წელი და ა.შ. სხვა პირობებიც, რომელიც იქ ჩამოწერილია. მე მქონდა საუბარი კომპანიის დამფუძნებელთან, რომელიც ჩემი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები გადაიხედოს. პროცესებში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აქტიურად არის ჩართული.
მე დავავალე იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება და უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.
თუ კიდევ დამატებით შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ... იქ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაც დამატებით ემოციას იწვევს ჩვენში და რაც აბსოლუტურად გასაგებია და ყველას გვესმის ეს, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რათა ეს პირობები იქნას შეცვლილი.
მე პირადად არაერთხელ დავუდასტურე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს დიალოგის მზაობა, სრული გახსნილობა, გამჭვირვალობა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და აშენდეს ჩვენ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი.
მინდა შევახსენო მოსახლეობას და ყველას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ასეთი მასშტბური პროექტი არ აშენებულა ქვეყანაში. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, მაგრამ გვაქვს ჰიდრორესურსები და შეგვიძლია გავიზიაროთ ევროპული პრაქტიკა - შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც უზარმაზარი ჰესები არის აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს. იქ, რა თქმა უნდა, წესების დაცვით ხდება ყველაფერი. ჩვენ თუ გონივრულად და რაციონალურად არ გამოვიყენებთ ენერგორესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენს სუვერენიტეტსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავა ირწმუნება, რომ ნამოხვანჰესი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჰესთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი, რაც არსებობდა, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გამოსწორდება და მთავარია, ეს პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს.
„ნამოხვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი, შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გამოსწორდება, ისეთი არაფერია. მთავარია, პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
უნდა ითქვას ისიც, რომ პრემიერის მკვეთრი პოზიციის შემდეგ, რომელიც ხელშეკრულების ხარვეზებს შეეხება, რიონის მცველების პროტესტმა საგრძნობლად იკლო. როგორც ჩანს, ისინი მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან და უკვე გაუჩნდათ კიდეც იმედი, რომ ვითარება სასიკეთოდ შეცვლება.
ერთაერთი, რასაც ამჟამად ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აკეთებენ ისაა, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლებას უზღუდავენ, სხვა ნებისმიერი სახის პროტესტი და წინააღმდეგობა შეჩერებულია.
„იმისათვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას“, - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ვარლამ გოლეთიანი რამდენიმე დღის წინ და მას შემდეგ რიონის ხეობიდან არაფერი ისმის.
შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. თუმცა „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამოხვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა.