სასიყვარულო ისტორიების მოყვარულებისთვის, ეს ამბავი ძალიან გულისამაჩუყებელი იქნება.
ერთ-ერთ საღამოს პიტერი და ლისა საწოლზე ჩახუტებულები იწვნენ და ტელევიზორს უყურებდნენ, როდესაც პიტერი მას მიუბრუნდა და ცოლობა სთხოვა. პიტერს აღარ ახსოვდა, რომ ისინი უკვე წლების ცოლ-ქმარი იყვნენ.
56 წლის პიტერს ალცჰაიმერის დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს. მას შემდეგ, მან ნელ-ნელა დაიწყო თავისი სასიყვარულო ისტორიის დავიწყება. მას დაავიწყდა ცოლთან პირველი შეხვედრა, მათი პირველი კოცნა და ქორწილიც კი.
"ძალიან მტკივა გული. ხანდახან მინდა მას ვუთხრა, 'ის ამბავი გახსოვს?' მაგრამ პიტერს ახლაც კი უჭირს რაღაცების დამახსოვრება და 20 წლის წინანდელი ამბები ნამდვილად აღარ ახსოვს", — გულდაწყვეტით ამბობს ლისა.
ლისამ და პიტერმა 12 წლის წინ იქორწინეს. ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და ორივე სხვა ადამიანზე იყო დაქორწინებული, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ამიტომ თავიდან უბრალოდ მეგობრობდნენ. თუმცა, შემდეგ პიტერი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. წყვილმა ერთმანეთთან კონტაქტი მას შემდეგ განაახლა, რაც გაიგეს, რომ ორივე ერთდროულად განქორწინებას აპირებდა. როცა ლისას ბავშვებმა კოლეჯში ჩააბარეს, ის პიტერთან გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ ერთმანეთს არ დაშორებულან.
ლისა ამბობს, რომ თავიდანვე ამჩნევდა ცვლილებას მის ქმარში. მას ხან გასაღებები რჩებოდა, ხან საფულე, ხანდახან სიტყვები ავიწყდებოდა. თავიდან ამ ყველაფერს ასაკის მატებას აბრალებდნენ, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს უბრალო გულმავიწყობის ბრალი არ იყო.
"თავიდან ამ მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ შემდეგ ჩვენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც სერიოზულთან გვქონდა საქმე. პიტერის დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მასთან შეხვედრისას, მაშინვე ხვდებოდნენ, რომ რაღაც შეიცვალა", — ამბობს ლისა.
ერთ-ერთ ზაფხულს პიტერი და ლიზა თავიანთი საზაფხულო სახლიდან ბრუნდებოდნენ, სწორედ მაშინ დაავიწყდა პიტერს პირველად ცოლი.
"სახლისკენ მიმართულებას ისე მაძლევდა, თითქოს უცხო მძღოლი ვიყავი და არ ვიცოდი სად ვცხოვრობდი. შემდეგ ჩვენს სახლში შემიპატიჟა და იქაურობას მათვალიერებინებდა. ძალიან საყვარელი იყო, მაგრამ იმედი მქონდა, რომ უცებ საკუთარ თავს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს არასდროს მოხდა", — ჰყვება ლისა.
როდესაც შვილებმა გაიგეს, რომ პიტერმა კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი ლისას, ურჩიეს მას, რომ თავიანთი სიყვარულის აღსანიშნად, ქორწილი ხელახლა გადაეხადათ.
"თავი პრინცესა მგონია, მას ხელმეორედ შევუყვარდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა", — ამბობს ლისა.
მისი თქმით, მან იცოდა, რომ ქორწილის დროს შეიძლებოდა პიტერს ის კიდევ ერთხელ დავიწყებოდა, თუმცა ეს ნაკლებად აღელვებდა. პიტერი ძალიან ბედნიერი იყო და მთელი ქორწილის განმავლობაში ახსოვდა, რასაც აკეთებდა.
ამჟამად ლისა ბლოგს წერს, სადაც ის სხვა ადამიანებს უზიარებს პიტერის მდგომარეობას და საკუთარ გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ პიტერის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.