მერილინ მენსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას ჩაბარდება

მერილინ მენსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას ჩაბარდება

მას შემდეგ, რაც მაისში ნიუ-ჰემფშირის პოლიციამ მერილინ მენსონის დაკავების ორდერი გამოსცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი და მსახიობი ლოს-ანჯელესის პოლიციას ჩაბარდება. მენსონის დაკავების ორდერის გამოცემის მიზეზი 2019 წელს მუსიკალურ კონცერტზე მომხდარი ინციდენტია, რომლის დროსაც მერილინ მენსონმა ოპერატორს განზრახ შეაფურთხა.

"ფეისბუქზე დაახლოებით 300 000 კომენტარისა და გაზიარების შემდეგ, რომელთა ნაწილი მსგავსი ბრალდების წაყენების გამო ჩვენი განყოფილების რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად, ბატონმა უორნერმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ნიუ-ჰემფშირის პოლიციის დაკავების ორდერს გამოეხმაუროს, რაც, დაზარალებულს საშუალებას მისცემს, სასამართლოში ილაპარაკოს და ბატონ უორნერს შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს", — განუცხადა ნიუ-ჰემფშირის პოლიციის უფროსმა Variety-ს.

მაისში ნიუ-ჰემფშირის პოლიციამ განაცხადა, რომ მერილინ მენსონმა და მისმა ადვოკატმა ბრალდების შესახებ დიდი ხანია, იცოდნენ, თუმცა მასზე პასუხის გაცემა არ უცდიათ.

"აღნიშნული ბრალდება უბრალოდ სასაცილოა, თუმცა ჩვენ პოლიციასთან თანამშრომლობას ვაპირებთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით", — განაცხადა მერილინ მენსონის ადვოკატმა, ჰოვარდ კინგმა მაისში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მერილინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს. მომღერალი სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა, მათ შორის ყოფილმა შეყვარებულმა ევან რეიჩელ ვუდმა, Game of Thrones-ის მსახიობმა ესმე ბიანკომ, ყოფილმა ასისტენტმა ეშლი უოლტერმა და სხვებმა. მერილინ მენსონი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.