კვენტინ ტარანტინოს გულშემატკივრებისთვის რეჟისორის გადაწყვეტილება, რომ კარიერა 10 ფილმის გადაღებით უნდა დაესრულებინა, უცხო ნამდვილად არაა. ტარანტინო ამ სამომავლო გეგმის შესახებ დიდი ხანია, ღიად საუბრობდა. მიუხედავად ამისა, კინომანებს მაინც ჰქონდათ იმედი, რომ რეჟისორი გადაწყვეტილებას შეცვლიდა და შესანიშნავი ფილმებით კიდევ დიდხანს გაგვანებივრებდა. სამწუხაროდ, 25 ივნისის ინტევრიუში ტარანტინომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მეათე ფილმი ბოლო იქნება.
გადაცემაში Real Time With Bill Maher სტუმრობისას ტარანტინომ ფილმის Once Upon A Time In Hollywood-ის, ფილმის მიხედვით შექმნილი ნოველისა და საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა. ფილმმა რეჟისორს ოსკარის 10 ნომინაცია და 2 გამარჯვება მოუტანა, ამიტომ წამყვანი დაინტერესდა, რატომ გეგმავდა კარიერის პიკში მყოფი ტარანტინო პენსიაზე გასვლას.
"სწორედ ამიტომ მინდა კარიერის დასრულება. ვიცი კინემატოგრაფიის ისტორია და ის, რომ ამ ეტაპიდან რეჟისორები უკეთეს შედეგებს ვეღარ აღწევენ...ამასთან, 30 წლის განმავლობაში შეიძლება იმდენი ფილმი არ გადამიღია, რამდენიც სხვებს, მაგრამ ეს მაინც ხანგრძლივი კარიერაა. ძალიან ხანგრძლივი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", — ამბობს ტარანტინო.
ტარანტინომ ისიც აღნიშნა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მეათე ფილმად Reservoir Dogs-ის რიმეიქის გადაღებას ფიქრობდა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.
მართალია, ტარანტინოს ბოლო ფილმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვართ, რომ რეჟისორი საყვარელ მაყურებლებს ნამდვილად დასამახსოვრებელი ნამუშევრით გამოემშვიდობება.