ბიანკა იტალიის ნაკრებით ამაყობს

ბიანკა იტალიის ნაკრებით ამაყობს

იტალიის საფეხბურთო ნაკრების მეოთხედფინალში გასვლას მრავალი ცნობილი იტალიელის მსგავსად, “სკუადრა აძურას“ თილისმად სახელდებული მოდელი ბიანკა ბელიც გამოეხმაურა, რომელიც სულ ახლახანს გამოეწერა რომის ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც ვერაგ კორონავირუსს ებრძოდა და დაამარცხა კიდეც.

ბიანკა ბელის თქმით, იგი ამაყობს და ფრიად ბედნიერია იტალიელთა წარმატებული გამოსვლით და სულაც არ იზიარებს იმ ხალხის შეხედულებას, რომლებიც ამბობენ, რომ მერვედფინალში ავსტრიის ეროვნულ გუნდთან იტალიელებმა ცუდად ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გასვლას თითქოს ავსტრიელები უფრო იმსახურებდნენ.

ბიანკას ყველაზე მეტად იმაზე სწყდება გული, რომ ავადმყოფობის გამო თანამემამულე სპორტსმენებს ვერ შეუსრულა დანაპირები და გუნდს ტრიბუნიდან ვერ ამხნევებდა. თუმცა როგორც მოდელი ამბობს, იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელობა დაპირდა, რომ თუკი აპენინური კრებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავა, მისთვის მატჩის ერთი ბილეთი აუცილებლად გამოიძებნება.