27 ივნისს მოსამართლეთა ერთი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში შეიკრიბა და შეიმუშავა მიმართვის ტექსტი, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც მართლმსაჯულების ადგილობრივი ოპონენტები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ვერავინ იტყვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია.
„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო, ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“,- განაცხადა მურუსიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები არსებობს, რაც უშუალოდ ე.წ. კლანის არსებობით არის გამოწვეული.
„სასამართლო სისტემაში ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა, ასევე რთული ვითარება იყო წინა ხელისუფლების პირობებშიც. დღეს ჩვენთან სახელმწიფოს საფუძველი არის მოშლილი. სასამართლო სისტემა უნდა იყოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გარანტი, მაგრამ არც სასამართლო სისტემა, არც პროკურატურა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი.
პროკურატურა მმართველი პარტიის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენს. პრობლემაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც პასუხისმგებელია მოსამართლეების დანიშვნაზე, ამ შემთხვევაში ხელისუფლების თამაშს თამაშობს. მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა“, - თქვა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ დღეს სასამართლო სისტემაში ორი ფრთაა ერთმანეთთან დაპირიპირებული და ორივე ძალაუფლების ხელში აღებას ცდილობს.
„სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არსებულ დაჯგუფებას, რომელსაც ხელთ უპყრია სასამართლო სისტემის სადავეები, უწოდებენ „კლანს“, ხოლო მეორე დაჯგუფება, რომელიც გარკვეულ კავშირშია დღეს ოპოზიციურ ძალებთან, ცდილობს, გამოდევნოს ამ სისტემიდან და თვითონ ჩაიგდოს ეს კონტროლის ბერკეტები ხელში, რომ თვითონ გახდეს სასამართლო სისტემაში იმ როლის შემსურებელი, რომელსაც დღეს აღნიშნული დაჯგუფება (ჩინჩალაძე-მურუსიძე და სხვები) ასრულებს.
ორი დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს და ორივეს უკან დგანან პოლიტიკური ძალები. ის დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანი“ გამოდევნოს სასამართლო სისტემიდან, გამოდის, როგორც დღევანდელი ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე და შემდეგ უკვე, თუ მათ წარმატებით გამოუვიდათ ეს მცდელობა, თვითონ იქნებიან სიტუაციის ბატონ-პატრონები. ამიტომ მიდის ასეთი გააფრთებული ბრძოლა, რომელიც არის შეფუთული კეთილშობილი მიზნებით“, - თქვა ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა მოამზადეს ერთობლივი მიმართვა, რომლითაც „კიდევ ერთხელ აპროტესტებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას“. „რამდენიმე მოსამართლისა და მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ, სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს“, - თქვა გვრიტიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როცა საგანგებო შეკრებას მართავენ და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ ირაზმებიან.
„მერამდენედ ხდება მოსამართლეების „მობილიზაცია, რატომ არ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე? მურუსიძის თაოსნობით ისევ შეიკრიბა მოსამართლეთა კორპუსი“, - წერს სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის თქმითაც, მოსამართლეებს აღელვებთ ის განცხადებები, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ, რადგან იციან, რომ სამომავლოდ ეს განცხადებები გარკვეულ გავლენას მოახდენს მათ ძალაუფლებაზე.
„სასამართლო უნდა იყოს ადვეკვატური იმ გამოწვევებთან და რეალობასთან, რაც თვითონ მოსამართლეებმა შექმნეს. ნაცვლად თავის შეცოდებისა ან აგრესიისა, ისინი უნდა იყვნენ თვითკრიტიკულები. წლებია ვხედავთ, რომ მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ამას აგრძელებენ დღესაც. მათი ეს შეკრებაც ამის ნაწილია. თუ უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტდება, ადგილი აღარ დარჩება და მერე ჩაატარებენ რეფორმას 1-2 წლის შემდეგ, რა აზრი ექნება ამას“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.