11-თვიანი ლოდინის შემდეგ ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, ცოცხალი არ იქნებოდა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით შიდა ქართლში მასშტაბური აქციები დაიგეგმა, რომელსაც დედაქალაქიდან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება.
რა შედეგს მოიტანს შიდა ქართლში სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურება და დადგება თუ არა ის შედეგი, რაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა, როცა სამოქალაქო თანადგომამ ექიმის პატიმრობიდან დახსნა განაპირობა.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი შიდა ქართლში სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურების შედეგად ზაზა გახელაძის სასარგებლოდ ვითარება შეიცვლება, ამაზე კარგი არაფერი იქნება, რადგან ზაზა გახელაძე ეწირება მოუგვარებელ კონფლიქტს. ზაზა გახელაძესთან მიმართებით რაც ხდება, ეს უკვე არის პოლიტიკა, ამიტომ ამ ეტაპზე საჭიროა სამოქალაქო პროტესტი.
ანალიტიკოსის განმარტებით, სახელმწიფო აჩერებდა გახელაძის ნათესავებს, არ იხმაუროთ და ჩვენ მოვაგვარებთ სიტუაციასო, თუმცა ვერ მოაგვარეს, აშკარად ვითარება გაეპარათ.
„მე, პირადად იმთავითვე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, დახმარებოდნენ ოჯახს, რათა მათ აეყვანათ ძვირადღირებული ადვოკატი, რათა ადვოკატს დაეცვა მისი უფლებები, რადგან გახელაძე თოფით დააპატიმრეს. აშკარად ჩანდა, რომ მას მისცემდნენ დიდ ვადას. ასეთ შემთხვევაში, საჭირო იყო სერიოზული ადვოკატის მხარდაჭერა. რატომღაც იგნორირება გააკეთეს ამ მიმართულებით. მე ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაშიც ამას ვურჩევდი და არჩილ ტატუნაშვილიც როცა გარდაიცვალა, ადვოკატი რომ აეყვანათ ცხინვალში, უფრო მალე მოხდებოდა გვამის გადმოცემა. არ მესმის, რატომ ამბობს საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს. ახლა ზაზა გახელაძის ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ ცხინვალში გადავლენ და ჩაბარდებიან, რა თქმა უნდა, მათ დააპატიმრებენ, მაგრამ ეს განწირული ადამიანის მდგომარეობაა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი აზრით, სამწუხაროდ, ეს ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ასეთ დაგვიანებულ შემთხვევაში უკვე სამოქალაქო ხმაური უფრო ამართლებს. თავიდან კი ხმაური არ იყო საჭირო, მათ უნდა ჰყოლოდათ ადვოკატი და ცხინვალის უკანონო სასამართლოში დაეცვა ზაზა გახელაძის ინტერესები კომპეტენტურ ადვოკატს.
„ცხადია, ოჯახს ამის ფული არ ექნებოდა. ოჯახს უნდა დახმარებოდნენ ფონდები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონი ფორმა არსებობს, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, რომ ოჯახმა დაიქირავოს ძვირადღირებული ადვოკატი რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. მე არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდათ, როცა ეუბნებოდნენ ოჯახს, ნუ იხმაურებთ, დაგეხმარებითო. რაში გამოიხატება ეს დახმარება? გახელაძეს 12 წლის ნაცვლად მისცემდნენ 3- 4 წელს და 3- 4 წელზე უკვე შეიძლებოდა მუშაობა და ამ ვადის შემცირება. ძალიან კარგად მესმის ოჯახის და მათი ტკივილის, მათ არაფერი არ დარჩათ, მე არ ვიცი, მათ რა შევთავაზო, რადგან, პრაქტიკულად, ამოიწურა შესაძლებლობები. ახლა უკვე ხმაური აუცილებელია“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც დარწმუნებულია, რომ პროცესის აქტივაცია უნდა მოხდეს და შიდა ქართლში უნდა ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები.
„გააჩნია, რამდენი ადამიანი გამოვა საპროტესტოდ და რამდენი გააპროტესტებს ზაზა გახელაძის ხანგრძლივვადიან პატიმრობას. აღნიშნულზე იქნება დამოკიდებული მისი გამოშვება. ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაშიც, დიდმა პროტესტმა გამოიღო შედეგი, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებაც ჩაერია საქმეში, ზაზა გახელაძესთან მიმართებითაც საერთაშორისო საზოგადოების ჩარევაა საჭირო. ჩვენს მხარესაც ეყოლება დაპატიმრებული ოსი ეროვნების რამდენიმე ადამიანი და შეიძლება ზაზა გახელაძეში გაცვლა შესთავაზონ, რადგან 12 წელი ბატონი გახელაძე არ უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებოდა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge- სთან საუბრისას.