ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ მოუბოდიშა ბრიტნი სპირსს, ახლა პოპის პრინცესას მხარდაჭერას უცხადებს.
23 ივნისს სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა პირველად ისაუბრა საჯაროდ მეურვეობაზე და იმ წნეხზე, რასაც 13 წლის განმავლობაში განიცდიდა. პოპვარსკვლავი მეურვეობის დასრულებას ითხოვს და აცხადებს, რომ როცა ეს მოხდება, აპირებს, რომ უჩივლოს მათ, ვინც მას 13 წლის განმავლობაში აკონტროლებდა და თავისუფლებას უზღუდავდა. მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც არიან.
ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც ბრიტნი სპირსს 1999-2002 წლებში ხვდებოდა, ბრიტნის გულწრფელ გამოსვლას ეხმაურება და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
"მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილეთ, ყველა უნდა ვუჭერდეთ მხარს ბრიტნის. იმის მიუხედავად, რა მოხდა ჩვენს შორის წარსულში, კარგი თუ ცუდი, და არ აქვს მნიშვნელობა როდის მოხდა ეს... რაც მის თავს ხდება, სწორი არაა. არცერთი ქალს უნდა ეკრძალებოდეს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება".
ბრიტნიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ საშვილოსნოდან მოწყობილობის ამოღების და შვილის გაჩენის უფლებას არ აძლევენ. ის დასძენს, რომ შეუსვენებლად ამუშავებენ და არ აძლევენ დასვენებას. მას ასევე ეკრძალება ქორწინება და მის ქონებას მეურვეები მართავენ, მათ შორის ერთ-ერთი კი მამამისია.
"არავის უნდა მოექცნენ მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ნებართვის აღება იმის მისაღებად, რაც თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეს", — დასძენს ტიმბერლეიკი და ცოლთან ერთად ბრიტნის სიყვარულსა და მხარდაჭერას უგზავნის.
"ვიტყუებოდი, როცა მთელ მსოფლიოს ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიყავი, ბედნიერი ვიყავი... სინამდვილეში კი შოკში ვიყავი, ტრავმირებული. ხომ ამბობენ, 'თავი მოაჩვენე ყველას, სანამ მართლა კარგად არ იქნები', მაგრამ ახლა სიმართლეს გეუბნებით. მე არ ვარ ბედნიერი, ვერც კი ვიძინებ. ყოველდღე ვტირი, რადგან ჩემს თავს სიგიჟე ხდება", — განაცხადა ბრიტნიმ სასამართლოზე.