დისნეი თავისი კლასიკად ქცეული ანიმაციის ფიფქია და შვიდი ჯუჯა კინოვერსიას იღებს და უკვე მთავარ როლზე მსახიობიც დაამტკიცეს: რეიჩელ ზეგლერი, რომელიც ჰოლივუდის ახალგაზრდა და ამომავალი ვარსკვლავია.
ფიფქიამდე ამ დამწყები ამერიკელი მსახიობის დიდი დებიუტი სტივენ სპილბერგის მიუზიკლში West Side Story (უესტსაიდური ამბავი) შედგება, რომლის პრემიერაც 2021 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
დისნეის მომავალ ფილმს მარკ უები გადაიღებს, რომელიც აქამდე ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორი იყო, როგორებიცაა The Amazing Spider-Man (საოცარი ადამიანი ობობა) და 500 Days of Summer (ზაფხულის 500 დღე).
ფიფქია და შვიდი ჯუჯა დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, რომელიც 1937 წელს შეიქმნა. თითქმის საუკუნის შემდეგაც უზომოდ პოპულარული ეს ანიმაცია ძმები გრიმების ზღაპარს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მცდელობა არ იქნება, როცა ამ ამბავს ახალი ფილმის შესაქმნელად იყენებენ: 2012 წელს გამოვიდა Mirror Mirror (სარკევ, სარკევ) ჯულია რობერტსისა და ლილი კოლინზის მონაწილეობით და Snow White and the Huntsman (ფიფქია და მონადირე) შარლიზ ტერონისა და კრისტენ სტიუარტის შესრულებით.
ბოლო წლებში დისნეი აქტიურად მუშაობს თავისი ცნობილი ანიმაციების ხელახლა გაცოცხლებაზე: დაგეგმილია პატარა ქალთევზას, პინოქიოსა და ლილო და სტიჩის ფილმების გადაღებაც.
რაც შეეხება ახალ ფიფქიას, მას, დიდი ალბათობით, 2022 წელს ვიხილავთ.