ინტერნეტისა და სოციალური ქსელების სამყაროში უამრავ ცნობილ ადამიანს უწევს პასუხი აგოს წარსულის შეცდომებზე. გამონაკლისი ამჯერად არც ბილი აილიში აღმოჩნდა.
მომღერლის 5 წლის წინანდელი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის რასისტულ ტერმინს იყენებს. ვიდეო ტიკტოკზე დაიდო, სადაც ჩანს, რომ ბილი აილიში Tyler, the Creator-ის სიმღერას აჰყვა, რომელშიც ანტი-აზიური ტერმინია გამოყენებული. თანაც მას ვიდეოში ხმა აქვს დაწვრილებული, ამიტომ ფანებმა ჩათვალეს, რომ ის აზიური საუბრის მანერას დასცინოდა.
19 წლის მომღერალმა, ბოდიში ინსტაგრამიდან მოიხადა. ბილი ამბობს, რომ ამ ვიდეოსი ძალიან სრცხვენია და დასძენს, რომ 13 წლის ასაკში არ იცოდა, თუ ეს სიტყვები აზიელებისთვის დამამცირებელი იყო.
"შეძრწუნებული ვარ და ძალიან მრცხვენია, რომ ეს სიტყვა წავიმღერე. ტერმინი პირველად სწორედ ამ სიმღერაში გავიგე და არ ვიცოდი რას ნიშნავდა, რადგან ჩემ გარშემო მას არავინ იყენებდა", — დაწერა განცხადებაში ბილიმ.
"ამ ასაკში ჩემი უცოდინრობის მიუხედავად, ვაცნობიერებ, რომ ეს სიტყვა ტკივილს აყენებს უამრავ ადამიანს და ამის გამო ძალიან ვწუხვარ", — ამბობს მომღერალი.
რაც შეეხება აზიური აქცენტის იმიტაციას, ბილის თქმით, სინამდვილეში ეს მისი გამოგონილი, სასაცილო ხმაა, რომლითაც ბავშვობიდან საუბრობს და რეალურად აზიურ აქცენტთან კავშირი არ აქვს.
ბილი აილიშის თქმით, მისი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დაცინვა.
"მე არა მხოლოდ მწამს, არამედ მუდამ ბევრს ვმუშაობ, რომ ჩემი პლატფორმა თანასწორობისთვის, სიკეთისთვის, ინკლუზიურობისთვის ბროლისთვის გამომეყენებინა. ჩვენ უნდა ვუსმინოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთისგან. მე მესმის თქვენი, მადლობა, რომ დრო გამოყავით და ეს ტექსტი წაიკითხეთ, მიყვარხართ", — ასე დაასრულა მომღერალმა წერილი.