ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 39 წლის მომღერალმა სასამართლოს თავისი მამის, ჯეიმს სპირსის მასზე მეურვეობის გაუქმება სთხოვა.
„უბედური ვარ, არ მძინავს. ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს სიგიჟეა. უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. მეურვეობის ქვეშ არ უნდა ვიმყოფებოდე, თუ მუშაობა შემიძლია“, - განაცხადა სპირსმა.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მას თავის ბოიფრენდზე, მსახიობ სემ ასგარიზე გათხოვება და ბავშვის გაჩენა უნდა, მაგრამ მეურვე ამის უფლებას არ აძლევს. მისივე თქმით, მამა მას ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ამოღების ნებას არ აძლევს.
„გათხოვება და ბავშვის გაჩენა მინდა. მაგრამ მითხრეს, რომ სანამ მეურვეობის ქვეშ ვარ, ამას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მომღერალმა სასამართლოში.
ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს.
მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე. ამასთან, მომღერალი ალბომებს უშვებს და კონცერტებს მართავს, მისი შემოსავალი მილიონობით დოლარს შეადგენს.