როგორც ჩანს, რიონის ხეობაში ვითარება ისევ რთულდება. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები შეთავაზებული 13 ლოკაციით, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ პროტესტი გააგრძელონ, უკმაყოფილონი არიან. მათ ყველა ტერიტორია მოინახულეს და არც ერთი მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
უშუალოდ ხეობაში კი, სადაც ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რიონის ხეობის მცველებს არ უშვებენ. სწორედ ეს წინააღმდეგობა შეიძლება გახდეს ახალი დაპირისპირების საბაბი, რადგან პროტეტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რკინის ბარიკადები მხოლოდ ფორმალურად არის აღებული.
ჯერჯერობით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ნამოხვანჰესის მთელი ისტორია და დრამა „ცოტათი გაზვიადებულია“. მისი აზრით, დღევანდელი ვითარება 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა და პრობლემებმა მოიტანა, როცა ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ეს მიდგომა პარადოქსულია, რადგან დარგი, რომლითაც საზრდოობს საქართველოს ეკონომიკა, გახდა უნდობლობის საგანი.
„ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ პატრიოტიზმი გულისხმობს იმასაც, რომ თუნდაც დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ეკონომიკის მინისტრმა.
თურნავამ მაგალითად მოიყვანა ხუდონჰესის ამბავი, რომელიც სწორედ პროტესტის გამო არ აშენდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო, ახლა საქართველო გაცილებით ძლიერი და წელგამართული იქნებოდა, როგორც აფხაზეთთან, ისე რუსეთთან ურთიერთობაში.
„ჩვენ, ხელისუფლებას გაცილებით სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილება პოპულარულია თუ არა, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება ქვეყანას. მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, სურვილი ასეთია, ამიტომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას“, - აღნიშნა თურნავამ.
ახლა პროცესში საერთაშორისო მედიატორია ჩართული. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, შექმნას განცდა, თითქოს მედიაციის დაწყების პირობებს ასრულებს, სინამდვილეში კი ბარიკადის აღებით არსებითად არაფერი შეცვლილა. პროცესის შემდეგი განვითარება კი, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულებს ხელისუფლება მიცემულ პირობებს.
ამ ეტაპზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, იყო მცდელობა მძიმე ტექნიკას სოფელ ნამოხვანის მიმართულებით ემოძრავა, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს.
„იმისთვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას“, - განაცხადა გოლეთიანმა.
საბოლოოდ, რიონის ხეობის მცველებს, 4 მოთხოვნა აქვთ, თუმცა იქამდე მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც არსობრივ განხილვაზე ჯერაც არ გადასულა.
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
პატრიოტიზმი გულისხმობს იმასაც, რომ თუნდაც დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ.
საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.“
*
ეს არის დემაგოგიის მორიგი ულუფა, რომელიც მინისტრმა გამოიმეტა ხეობის დამცველებისათვის!
არავითარი ემპათია, არავითარი სურვილი, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ამ ხალხს და ყური მიუგდოს, რატომ ითხოვენ იმას, რასაც ითხოვენ! - მხოლოდ ცარიელი ბლა-ბლა-ბლა თვითკმაყოფილი სახელმწიფო მოხელისა, რომელიც ყინჩად დაიარება, პოლიციით ზურგგამაგრებული...
ჩვენი მოხუცის ერთი თვის პენსიის ფასად, თურქი ინვესტორისათვის ამხელა ხეობის გადაცემაზე გადის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზა?!
15 წლის განმავლობში რომ ყველა სხვა მომწოდებელზე ძვირად უნდა მოგვყიდოს დენი, ხოლო შემდეგ, თუ მოუნდება, საერთოდ რომ შეუძლია დაგვიკიდოს იმ თურქმა და 100 წელი ვისაც უნდა, იმას აძლიოს ჩვენთან გამომუშავებული დენი, ეს არის საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტია?!
ცოტა შეიწუხეთ თავი, ქალბატონო მინისტრო და რამე უკეთესი ტყუილი მაინც მოიგონეთ!
მაინცდამაინც ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ძალა თუ გაქვს, ჭკუა არ არის საჭირო!