რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა გაიმართა და თურქული „გალათასარაი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა.
საყოველთაო აზრით ამ წყვილის უპირობო ფავორიტი ჟოზე მოურინიოს გუნდია. ამ აზრს „გალათასარაის“ ჰოლანდიელი ლეგიონერი ვესლი სნეიდერი კატეგორიულად არ ეთანხმება.
დღეს დილით ფეხბურთელი გამოცემა „Goal.com”-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.
საინტერესოა, რომ სნეიდერი 2007-2009 წლებში „სამეფო კლუბის“ ღირსებას იცავდა.
„რასაკვირველია კენჭისყრამ რთული მეტოქე გვარგუნა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. „გალათასარაიში“ არაერთი ჩინებული მოთამაშე ასპარეზობს და „რეალს“ დაუნდობელ ბრძოლას გავუწევთ.
„სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მრავალი შეხვედრა ჩამიტარებია და ამ სტადიონზე გამეფებული ატმოსფერო ჩემთვის უცხო არ გახლავთ. ჟოზე მოურინიოსა და „რეალის“ ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე ჩემგან არანაირ დანდობას არ მიიღებენ. „გალათასარაი“ საკუთარი გულშემატკივრებისა და სრულიად თურქეთის გახარებას შეეცდება. მომავალ მატჩებს მოუთმენლად ველი“. - განაცხადა ვესლი სნეიდერმა.