„კომენდანტის საათი“, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება“

„კომენდანტის საათი“, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება“

დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი სტაბილურს უწოდებს. ამის ფონზე კი, დარჩენილი, მოქმედი რეგულაციები დიდი ალბათობით, მოიხსნება. კონკრეტულად, საუბარია ე.წ. კომენდანტის საათზე, რომელიც შესაძლოა, ამ თვეში გაუქმდეს. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მოსალოდნელია თუკი, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება.

განიხილავს თუ არა, საკოორდინაციო საბჭო ამ თვეში „კომენდანტის მოხსნას“? - For.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საბჭო ჯერჯერობით არ შეკრებილა და არც აღნიშნული შესახებ მიღებულა კონკრეტული გადწყვეტილება.

ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის გადაწყვეტილებას მიესალმება:

„პირადად მე, „კომენდანტის“ მოხსნის მომხრე ვარ, მაგრამ ვემორჩილები ვირუსოლოგებისა და ეპიდემიოლოგიების რჩევებს. სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ამ ვირუსის მართვაზე, მოსახლეობის და ბიზნესის მოთხოვნებს ხშირად ითვალისწინებს, - ერთი „კომენდანტის საათია“ დარჩენილი“, - თქვა ლადო კახაძემ For.ge-სთან.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სრულად აცრილებისთვის ღია სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარების მოთხოვნა შესაძლოა გაუქმდეს.

„რამდენადაც ვიცი, ღია სივრცეში, ორჯერადაც აცრილებისთვის, ნებართვა გაიცემა, პირბადის არტარებასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში, ალბათ, რეკომენდაცია იქნება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.

ვაქცინაციის ფონზე, რეკომენდაციები - პირბადე, ხელის ხშირი დაბანვა, დისტანცირება - რჩება ძალაში. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საკუტარი თავის მართვაზე და სხვის სიცოცხლეზე ფიქრობს, ჯერჯერობით ეს რეკომენდაციები შესასრულებელი ექნება.

ის ადამიანები, რომლებიც უკვე არიან აცრილები და უსაფრთხონი, მზად არიან, რომ ეს დაავადება არ დაემართებათ, ან თუ დაემართებათ, ძალიან მსუბუქ ფორმაში, თანაც თვითონ არ გახდებიან სხვისი დაავადების წყარო, ეკონომიური და უფლებრივი ნაწილი გაეზარდათ, - მიგრაცია, მოძრაობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რამდენად დროულად შევუერთდებით ამას, რამდენიმე ხანი დასჭირდება, რომ ჩვენც შევუერთდეთ ამ მოძრაობას. ეს ამ ეტაპზე იდეის დონეზე განიხილება“, - აღნიშნა ლადო კახაძემ For.ge-სთან.

როგორც უკვე აღინიშნა, „კომენდანტის საათი“, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასევე განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც.

„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა „კომენდანტის საათია“ და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც.

ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება.

მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, - აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სხვა შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება - ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტეპმით.

„დღესაც 1000 შემთხვევაა ახალი, გასაგებია, რომ ეს სამშაბათის სინდრომია, სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც.

ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 600-700-ს შორის. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს“, - თქვა გამყრელიძემ.