გუშინ ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა. დაწყვილებული გუნდების ვინაობა საყოველთაოდაა ცნობილი. ამ მიზეზის გამო მათ ჩამონათვალს ამჟამად არ გამოვაქვეყნებთ.
სამაგიეროდ, ერთი მიზეზის გამო გუშინდელმა პროცედურამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
გაგიკვირდებათ და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ კენჭისყრის შემდეგ ცოლი მოიყვანა.
არაბი შეიხების ფულით გამდიდრებული „პსჟ“ მეოთხედფინალში კატალონიურ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
პარიზული გუნდის სპორტული დირექტორი ლეონარდო იტალიური ტელეარხი „Sky Italia”-ს პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ჩატარებული კენჭისყრის შედეგები გაანალიზა. შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, გადაცემის წამყვანს, იტალიელ ანა ბილიოს ხელი ოფიციალურად სთხოვა.
აღმოჩნდა, რომ ლეონარდო და ბილიო დიდი ხნის შეყვარებულები არიან. კაცმა ქალს სიურპრიზი მოუწყო და მთელი მსოფლიოს დასანახად ცოლობა მოსთხოვა.
- ანა, გამომყვები? - შეეკითხა ბრაზილიელი.
- პირდაპირი ეთერი მაქვს, ამ თემაზე სახლში ვისაუბროთ, - იყო პასუხი.
- არა, მოთმენა აღარ შემიძლია, უნდა დავქორწინდეთ.
- თანახმა ვარ.
- ქორწილს მილანსა და რიო-დე-ჟანეიროში გადავიხდით.
- მიყვარხარ, გეთანხმები.
ასე წარიმართა „Sky Italia”-ს პირდაპირ ეთერში „მიჯნურებს“ შორის დიალოგი.
ლეონარდო და ანა ბილიო უახლოეს თვეებში ოფიციალურად დაქორწინდებიან, მათი სასიყვარულო ისტორია კი ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება.