უკვე რამდენიმე დღეა, რაც კრიშტიანუ რონალდო უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. ევროპის ჩემპიონატის დროს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადო და საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა.
კრიშტიანუ რონალდუ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ხშირად ეწევს, თუმცა პუბლიკა იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ კოკა-კოლა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია, პორტუგალიელი სპორტსმენი კი კომპანიის რეკლამაში არაერთხელ გამოჩენილა. ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6 მილიარდი დოლარით შემცირდა.
მას შემდეგ, რაც კრიშტიანუმ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის კვების რეჟიმით ბევრი ადამიანი დაინტერესდა.
ჩვენ ყურადღებით დავათვალიერეთ სპორტსმენის სოციალური ქსელი და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავაერთიანეთ.
(შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ კრიშტიანუ რონალდუ გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვისაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა).
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კვების რუტინა ნამდვილად არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰგონია. სპორტსმენი არ ამბობს უარს ისეთი სახის საკვებზე, როგორებიცაა საკონდიტრო ნაწარმი, ევროპული ყველის ნაირსახეობები და მაღალკალორიული წვენები.
Le10Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ფავორიტ პროდუქტებში ერთ-ერთი პირველი თევზია. რონალდუ ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში საკვების მზადების პროცესს და შედეგს გამომწერებს უზიარებს.
სპორტული აქტივობის გამო რონალდუს ბევრი სითხე და ვითამინებით სავსე პროდუქტები სჭირდება. როგორც თავად სპორტსმენი აღნიშნავს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი B12-ის შემცველი საკვების მიღებაა.
ვარსკვლავის საყვარელი პროდუქტების სიაში ასევე შედის მსხალი, ვაშლი და ანანასის წვენი.