ტყიბულში თვეში ერთხელ გაფიცვა ტრადიციად იქცა

ტყიბულში თვეში ერთხელ გაფიცვა ტრადიციად იქცა

ტყიბულში მაღაროელები ისევ გაიფიცნენ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა მუშები უკმაყოფილებას უკიდურესად მწვავე ფორმით გამოხატავენ. ამჯერად ყველაფერმა შედარებით მსუბუქად ჩაიარა. საპროტესტო ცეცხლის ერთ დღეში მინავლდა, მაგრამ საბოლოოდ არ ჩამქრალა.

„საქნახშირ ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ს ძიძიგურის სახელობის მაღაროს 150-მდე მუშა ხელფასების 50%-იან მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენასა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებას ითხოვს.

გაფიცულმა მუშებმა სოლიდარობა იმ 8 მაღაროელს გამოუცხადეს, რომლებიც მაღაროს ადმინისტრაციამ სამი დღის წინ გაათავისუფლა. დანარჩენ მუშებს კი განუცხადა, რომ თუ მაღაროში სამუშაოდ არ ჩავიდოდნენ, მათაც გაათავისუფლებდნენ.

მაღაროელები დახმარებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სხოვენ. მაღაროელების განმარტებით, მათი პრობლემების მოგვარება მხოლოდ პრემიერს შეუძლია.

მაღაროელთა გაფიცვაში პროფკავშირები არ მონაწილეობს. როგორც ტყიბულის მაღაროელთა პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი ბაბუხადიამ განუცხადა, გაფიცულ მაღაროელებს მათთვის არ მიუმართავთ. ამიტომ პროფკავშირები ჯერჯერობით არ გეგმავს მიმდინარე გაფიცვაში ჩართვას.

გაფიცულთა მოთოხვნებზე „საქნახშირ ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გაფიცულებს გარკვეული შეთავაზებები მიაწოდა, რამაც მაღაროელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მაღაროელთა ნაწილი 10 დღიან სამუშაო განაკვეთზე თანახმა იყო, დარჩენილი ნაწილი კი „საქნახშირ ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციის შეთავაზების საპასუხოდ აქციების გაგრძელებას ემხობოდა.

საწარმოს ადმინისტრაციის კარგა ხანია აცხადებს, რომ საწარმოში ქვანახშირის მოცულობამ იკლო, რის გამოც თანამშრომელთა რაოდენობა 50 ადამიანით უნდა შემცირდეს. ამიტომ ადმინისტრაციამ გაფიცულ მუშებს შესთავაზა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება მათი 20-დღიანი სამუშაო გრაფიკის 10 დღემდე შემცირების ხარჯზე შესაძლებელი იქნებოდა.

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაფიცულ მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფს „ჯი-აი-ჯი ჯგუფის” გენერალური დირექტორის მოადგილე ვალერი კუხალაშვილი შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ჩუბინიძესთან და მოადგილე თამაზ კუბლაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა მაღაროს ადმინისტრაციას გაფიცულ მეშახტეთა მოთხოვნები გააცნო. განცხადებაში ისინი მოითხოვენ, მაღაროელები არ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რის ნაცვლადაც ისინი თანახმა არიან სრული თვის კალენდარული დღეების ნახევარ სამუშაო განაკვეთზე იმუშაონ.

მაღაროს ადმინისტრაცია მათ დაპირდა, რომ განიხილავენ მათ განცხადებას და მოუწოდა მეშახტეებს დაბრუნებოდნენ სამუშაოს.

პარასკევს საღამოს 18.00 საათისთვის ძიძიგურის სახელობის მაღაროში მეშახტეები სამუშაოდ ჩავიდნენ და ჯერჯერობით მაღარო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა არ არის გამორიცხული ადმინისტრაცია და მუშები საბოლოო პირობებზე კვლავაც ვერ შეთანხმდნენ და საპროტესტო აქცია ისევ გაგრძელდეს.