დიმიტრი პესკოვი: რუსეთი აშშ-ის მხრიდან რიტორიკის შერბილებას ხედავს, რაც პოზიტიური სიგნალია

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი აშშ-ის მხრიდან რიტორიკის შერბილებას ხედავს, რაც პოზიტიური სიგნალია

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მხრიდან რიტორიკის შერბილებას ხედავს, რაც პოზიტიური სიგნალია.

„ვაშინგტონის მხრიდან დიალოგის საჭიროების სასარგებლოდ გახმოვანებულ რიტორიკას ვისმენთ. რა თქმა უნდა, ეს პოზიტიური სიგნალია, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს. ამასთანავე, აცხადებენ, რომ მოსკოვთან საუბარი შეკავებისა და ზეწოლის მეშვეობითაა საჭირო. თუმცა ორივე მხარეს საუბარი სურს, რაც დღეს მოხდება“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს ჟენევაში გაიმართება.

9 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტისგან ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდება.

ვლადიმერ პუტინმა ის თემები დაასახელა, რომელზეც ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.

„ჩვენ ვისაუბრებთ სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაზე, განიარაღების პროცესზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საკითხებზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხსაც წამოწევს.