საქართველოში ვაქცინაცია ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სულ მალე 3 600 000 ათასი 4 სახის ვაქცინა შემოვა. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ for.ge-ს განუცხადა, ივლისში „ფაიზერი“ შემოვა, მას მოჰყვება „ნოვოქსის“, „ჯონს ენდ ჯონსონის“ და ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები.
ჯანდაცვის ექსპერტი ასევე ხსნის საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის ბუსტირება, რა უნდა გავითვალისწინოთ აცრის შემდეგ და მოვიხსნით თუ არა პირბადეს იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინირებულები ვართ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 4 თვის განმავლობაში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელ ვაქცინებზეა საუბარი?
- ეს სიახლე არ არის, დაგეგმილი იყო. საუბარია „ფაიზერზე“, რომელიც ივლისიდან უნდა შემოვიდეს. უბრალოდ, ეს ინფორმაცია შეჯამებული სახით გავრცელდა, რომელზეც სახელმწიფო მოლაპარაკებას აწარმოებდა. შემოვა „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ნოვაქსი“ და ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.
„ჯონსონ ენდ ჯონზონზე“ ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობებმა დაწერეს, რომ აღნიშნული ვაქცინის მილიონობით განადგურება იგეგმება. თუ გაქვთ ინფორმაცია რატომ დადგა ამ ვაქცინის განადგურების საჭიროება?
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ავტორიზებულია. ასევე აღიარებულია ამერიკის წამლების სააგენტოს მიერ. საუბარი იყო, რომ ამ ვაქცინის შემდეგ, ძალიან იშვიათი გართულებები იყო, რის გამოც დროებით მისი მოხმარება შეჩერდა, მაგრამ მისი გამოყენება გაგრძელდა. რაც შეეხება ამ ვაქცინის განადგურებას, ბალტიმორის ქარხანაში მომხდარ ამბავს თუ გულისხმობთ, იქ უბრალოდ წარმოების პროცესი დაირღვა. არ აქვს მნიშვნელობა რა ვაქცინაა, როდესაც მისი წარმოება ირღვევა, ნებისმიერი წამალის ამოღება ხდება და განადგურება. ასე რომ, ეს ვაქცინის მოხმარებაზე არ მოქმედებს და ამ თემის წინ წამოწევაც არ ღირს.
ვაქცინის 3 600 000 ათასი დოზა შემოვა და ვაქცინაცია ისევ რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი თუ მოქალაქეებს შეეძლებათ ჩვეულებრივ კლინიკებში მისვლა და აცრა?
- მე რაც ვიცი, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უნდა გაიხსნას. დღეში 15 ათასი ადამიანის აცრა უნდა მოხდეს, ეს კი ლოჯისტიკურად მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარდა ამისა, ჩვეულებრივად სხვა ვაქცინების დროს პოლიკლინიკებში რომ ვიცრებოდით, ახლაც ასე უნდა მოხდეს - ყველა ამბულატორიაში უნდა იყოს ვაქცინაცია. ასევე უნდა გაიხსნას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მაგალითად „ექსპჯორჯიაში“ , სპორტის სასახლეში თუ სავაჭრო მოლებში. ეს ყველაფერი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება იმისთვის, რომ შევძლოთ იმ ამოცანის შესრულება, რათა ჩვენი მოქალაქეების 60-70% წლის ბოლომდე ვაქცინირებული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩართულობით ვაქცინაციის კამპანია, რათა გავიდეთ არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც არანაირი კამპანია და დარწმუნება არ სჭირდებოდათ, რომ ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ, არამედ უნდა მოვიცვათ ის ადამიანები, ვისაც კითხვები აქვთ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, მათი ჩართვაც აუცილებელი იქნება. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მიზანმიმართული და ადამიანებზე მორგებული კამპანია. როდესაც მასობრივ იმუნიზაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მე გავიგე ე.წ. ცოცხალი რიგის კაბინეტებიც იქნება, ანუ ადამიანები წინასწარი ჩაწერის გარეშე მივლენ და აიცრებიან.
თუ გაქვთ ინფორმაცია დღეს მდგომარეობით აცრილთა რაოდენობა რამდენია?
- დღევანდელი მდგომარეობით საწყის ეტაპზე ვართ. დღეს მდგომარეობიდან რაიმე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. როდესაც მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, მაშინ შევძლებთ ვიდავოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად რეალისტურია ის ამოცანა, რომ წლის ბოლომდე 60-70% აიცრას. თუ ლოჯისტიკურ გამოწვევას თავი გავართვით და ეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება და დღეში 15 ათასი ადამიანის ვაქცინირებაზე ავალთ, მაშინ რეალისტურია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კამპანია მალე დავიწყოთ, რათა ამ სამი თვის განმავლობაში ის ადამიანები დავარწმუნოთ, რომლებიც ყოყმანობენ.
ბუსტირების თემამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, მართლაც ყოველწლიურად მოგვიწევს აცრა?
- ამ კუთხით მოქალაქეებს ამ ეტაპზე სადარდებელი არ აქვთ. ცნობილია, რომ ვაქცინის შემდეგ იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, როგორც გრიპზე იცრებიან ადამიანები, შესაძლოა, ასეთივე დაგვჭირდეს კოვიდის შემთხვევაშიც. რაც ნაკლებია აცრილი, ინფიცირების გავრცელების არეალი უფრო ვრცელი ხდება, შეიძლება ახალი შტამები გაჩნდეს და ა.შ. გრიპის შემთხვევაში ამის კონტროლი მეტ-ნაკლებად ხდება. გრიპი სახეს რომ იცვლის, ამიტომ გვინდა ხოლმე ყოველწლიურად ვაქცინის გაკეთება. ყველაზე უარეს შემთხვევაში შეიძლება, ყოველწლიურად მოგვიწიოს ვაქცინაცია. შეიძლება არც დაგვჭირდეს, რადგან ჩვენი იმუნიტეტი საკმარისი აღმოჩნდეს. ანუ ვაქცინაციის შემთხვევაში შეიძლება დავინფიცირდეთ, მაგრამ, როგორც გრიპი ისე გადავიტანოთ. კი, შეიძლევა ვაქცინირებულ ადამიანს კოვიდ19 დაემართოს, ახალი შტამებიც, თუმცა, გართულებების გარეშე გადაიტანს და ასეთ დროს, ფატალური შემთხვევების რაოდენობა ძალიან დაბალია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბუსტირება უარეს შემთხვევაში შეიძლება დაგვიჭრიდეს. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. ტყუილი ინფორმაციის გავრცელება, ადამიანებისთვის სასიკეთო არაა. ის, რომ ვაქცინა ნებისმიერ შემთხვევაში მუშაობს, ამაზე ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არაა. ვაქცინა თითქმის 100% დაგიცავთ გართულებებისგან.
ვაქცინის შემდეგ ადამიანს რა ეკრძალება?
- ადამიანი აცრას რომ გაიკეთებს, იმ წუთშივე იმუნიტეტით დაცული არ არის. იმუნიტეტი მეორე აცრიდან 2-3 კვირის შემდეგ გამომუშავდება. ამის შემდეგ შეიძლება, აცრილ მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს პირბადის გარეშე ცოტა ხნით იყოთ. რაც შეეხება სრულად პირბადის მოხსნას, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია არ მოხდება, იქამდე ამ შეზღუდვისგან ვერ განვთავისუფლდებით. როდესაც ვაქცინაცია გარკვეულ რაოდენობას მიაღწევს, შესაძლოა, ღია სივრცეებში დაიშვას პირბადის მოხსნა, მაგრამ დახურულ სივრცეებში ეს რეგულაცია იქამდე დარჩება, ვიდრე მოსახლეობის 70% არ აიცრება.
რაც შეეხება აცრის შემდეგ პერიოდს, ადამიანი უნდა ეცადოს ორგანიზმი არ დატვირთოს. ასევე, ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღება ხელს არ უწყობს იმუნიტეტის გამომუშავებას, ეს ალბათ ყველამ იცის. მინიმუმ 72 საათი რეკომენდირებული არაა ალკოჰოლის მიღება. ამ კუთხით სხვა მკაცრი რეგულაციები არაა.
:)
ეგრე, რა, მოკლედ და გასაგებად: ან დაგვჭირდება ან არა!