კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღების პირობებში, დღეს უკვე სპეციალისტები მესამე, „ბუსტერული“ დოზის დამატების აუცილებლობაზე საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მტკიცებით ფორმაში, რაიმე კონკრეტულის თქმა, ამ ეტაპზე რთულია.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, სავარაუდოდ, ვაქცინის მესამე დოზა, ანუ ე.წ ბუსტერი საჭირო იქნება. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიოში ბევრი სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს. გამყრელიძის თქმითვე, კორნავირუსი შესაძლოა, სეზონურ ინფექციად იქცეს, რის გამოც მისი საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს იქნება საჭირო.
„საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს.
ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში.
არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა For.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობა დადგეს, რადგან ვაქცინა დაახლოებით 6 თვიდან 12 თვემდე მოქმედებს მხოლოდ.
რაც შეეხება მესამე დოზას, მისი გაკეთების შემთხვევაში, გოგინავას თქმით, ადამიანს შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ დაემართოს კოვიდ-19.
„დაზუსტებულად იმის თქმა, რომ მესამე დოზის გაკეთება აუცილებელი გახდება, რთულია, თუმცა, ამაზე საუბარი მიმდინარეობს. კორონავირუსის გადატანის შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე არ რჩება იმუნიტეტი, ასევე ვაქცინაციის შემდეგ, რაც არის კვლევა, დაახლოებით ეფექტურია ექვსიდან 12 თვემდე.
ამიტომ, ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ორჯერ სრულფასოვნად ვაქცინირებულ ადამიანს იცავს 6-დან 12 თვემდე, აქედან გამომიდინარე ჩნდება რისკი, რომ 12 თვის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, ეს ადამიანი დაინფიცირდეს.
ამიტომ, ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, მესამე დოზა დაემატოს. ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუ ხანგრძლოვობის რა იმუნიტეტს აყალიბებს. ეს არის სავარაუდოდ ნათქვამი და სხვადასხვა ვაქცინებს შესაძლოა დასჭირდეს მესამე დოზის დამატება. თუმცა, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი რთულია.
ერთი ვარიანტია, რომ მესამე დოზის გაკეთების შემდეგ, ხანგრძლივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს და რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყოს საჭირო ვაქცინა. მეორე ვარიანტი, - როგორც გრიპის დროს, წელიწადში ერთხელ ვაქცინაცია საჭირო ხდება, რომ შეიქმნას იმუნიტეტი და დაცულები ვიყოთ ინფექციისგან.
ყველაფერი კვლევებზეა დამოკიდებული და ვნახოთ, საბოლოო ჯამში, თუ რა კვლევები დაიდება. იმედი მაქვს, რომ მესამე დოზის შემდეგ რამდენიმე წლიანი იმუნიტეტი მაინც ჩამოუყალიბდება ადამიანს“, - თქვა გოგინავამ For.ge -სთან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, დაზუსტებულად რამის თქმა რთულია.
„დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ…ზოგი იბრალებს, მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო.
ეს თემა ფაიზერის ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს.
თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ, ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია გვექნება და სამომავლოდ ერთად „ვინერვიულოთ“, – წერს კულუმბეგოვი.
ჩემი თავი კიდე ჯანდაბას, მაინც მარტო ვცხოვრობ...