მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა - „ავსტრალოტიტანი“ აღმოაჩინეს. ეს ყველაზე დიდი დინოზავრია, რომლის ნეშტის ნარჩენებიც ამ დრომდე ავსტრალიაში იპოვეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა PeerJ წერს.
პირველად „ავსტრალოტიტანის“ ჩონჩხის ნაწილი 2007 წელს კერძო პირის ფერმაში აღმოაჩინეს. ნეშტის კვლევას დიდი დრო დასჭირდა. მეცნიერებმა ნაპოვნი ჩონჩხი სხვა დინოზავრების ნეშტს შეადარეს და დარწმუნდნენ, რომ მათ დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
დინოზავრი დედამიწაზე 100 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მისი სიმაღლე 6 მეტრს, ხოლო სიგრძე 25-30 მეტრს აღწევდა. „ავსტრალოტიტანი“ 23-დან 74 ტონამდე იწონიდა.