არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები უკვე პარლამენტში არიან - შესაბამისად, მათ ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მათ წინააღმდეგაა მიმართული

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები უკვე პარლამენტში არიან - შესაბამისად, მათ ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მათ წინააღმდეგაა მიმართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პარტიების დაფინანების სისტემაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოცემული დაფინანსების სისტემა სრულიად გამჭვირვალეა.

„ვენეციის კომისიის თანხმობით და მათთან კონსულტაციებით, ჩვენ პარტიების დაფინანსების წესზე გავაკეთეთ ძალიან დემოკრატიული რეფორმა. კერძოდ, შემოვიღეთ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი, რომელსაც ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ეს მათთან ერთად მოხდა. შესაბამისად, დღეს დაფინანების სისტემაზე კითხვები აღარ არსებობს. დღეს მოცემული დაფინანსების სისტემა არის გამჭვირვალე. დაფინანსების ახალ წესში პარტიული დაფინსება მიბმულია ბარიერზე, შესაბამისად, ამ კუთხით აქ არაფერი იცვლება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს ბევრი მოქალაქე ფიქრობს, თუ რატომ უნდა დააფინანსოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მათ პარლამენტში მუშაობისთვის აირჩიეს, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე.

„ჩვენ ვითვალისწინებთ განწყობებს და იმ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომელიც არაერთ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში, საუბარი გახლავთ პარტიებზე, რომლებიც შესაძლოა, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. 6 მილიონიან დაფინანზეა საუბარი, წარმოიდგინეთ მოქალაქეების გადასახადებიდან 6 მილიონი ლარი არსებული კანონმდებლობით შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აირჩიეს მოქალაქეებმა, მაგრამ მათ უარი თქვეს პარლამენტში საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ სერიოზულად ეკიდება ვენეციის კომისიის ნებისმიერ მოსაზრებას და რეკომენდაციას.

„პოლიტიკური პარტიები, რომლებზეც ვენეციის კომისია მიუთითებდა, უკვე პარლამენტში არიან. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ პარტიებს, ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ ეს კანონპროექტი კონკრეტულად მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ჯამში, კანონპროექტის იდეა გახლავთ ერთი მხრივ ის, რომ მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს ზუსტად იმისთვის, რისთვისაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ამ დაფინანსების გამოყოფა, სისტემის სტაბილიზაცია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონე, როგორც თამაშის წესი, განისაზღვროს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.