გურამ მაჭარაშვილი: სამართლებრივი პრინციპი არსებობს, რომ დაფინანსება არ უნდა მიიღო იმ ხალხისგან, რომლის მიერ მონიჭებულ მანდატსაც პარლამენტში არ იყენებ

გურამ მაჭარაშვილი: სამართლებრივი პრინციპი არსებობს, რომ დაფინანსება არ უნდა მიიღო იმ ხალხისგან, რომლის მიერ მონიჭებულ მანდატსაც პარლამენტში არ იყენებ

ელემენტარული სამართლებრივი პრინციპი არსებობს, რომ დაფინანსება არ უნდა მიიღო იმ ხალხისგან, რომლის მიერ მონიჭებულ მანდატსაც პარლამენტში არ იყენებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაფინანსება არის პოლიტიკური პარტიის გაზრდისთვის და პოლიტიკური პარტია ვერ გაიზრდება თუ ის პარლამენტში მანდატებს ვერ გამოიყენებს.

„ეს კანონი აბსოლუტურად სამართლებრივი, ლეგიტიმური, ლოგიკური და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ თარიღად დავთქვით 2022 წლის თებერვალი იმისათვის, რომამ კანონთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები გამოვრიცხოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო ოპოზიცია პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა არადემოკრატიულია.