გასული წლის შემოდგომაზე, ამერიკულმა გამოცემამ “The Playlist“ გაავრცელა ცნობა, რომ კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი მიმდინარე წლის დასაწყისში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი “The Beatles”-ის შესახებ ბიოგრაფიული სურათის გადაღებას შეუდგებოდა.
რამდენიმე წლის წინ მწერალმა რიჩარდ დილელომ “The Beatles”-ის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის სახელწოდებაა “The Longest Cocktail”.
მასში მოთხრობილია ჯგუფის მუსიკალური კარიერის ბოლო წლების შესახებ. გაანალიზებულია ჯგუფის წევრებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მიზეზები და აღწერილია დაშლის შემდეგ მუსიკოსების დამოუკიდებელი კარიერა.
თავის დროზე ამ ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალახერმა შეიძინა და ამ სურათის პროდიუსერობას აპირებდა.
გალახერმა სურვილი მხოლოდ 2013 წლის იანვარში აისრულა, როდესაც გარკვეული ფინანსური სახსრები მოიზიდა და მაიკლ უინტერბოლტს მუშაობის დაწყების საშუალება მიეცა.
საინტერესოა, ლიამ გალახერი მსახიობების შერჩევის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.
მაგალითად ცნობილია, რომ ფილმში ერთ-ერთ როლს ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი შეასრულებს. ის ბრიტანული ჯგუფის პრეს-ატაშე დერეკ ტეილორს განასახიერებს.
ლიამ გალახერს იმედი აქვს, რომ სურათი “The Longest Cocktail Party" მსოფლიოს კინოეკრანებზე 2014 წლის დასაწყისში გამოვა.