დღეს ფეხბურთში, ევროპის ლიგის მერვედფინალური სტადიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. ეს ტურნირი ავტორიტეტით ჩემპიონთა ლიგას კი ჩამოუვარდება, მაგრამ მასში არაერთი ცნობილი კლუბი ასპარეზობს.
მილანის „სან სიროს“ სტადიონზე „ინტერი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს - 3:0.
განმეორებითი მატჩის წინ ბრიტანული კლუბის ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში სიმშვიდეს ინარჩუნებს, მისი იტალიელი კოლეგა ანდრე სტრამაჩონი კი საკუთარ მოთამაშეებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს და გულშემატკივრებს სიურპრიზის მოწყობას პირდება.
„იტალიის პირველობაზე სუსტად ვასპარეზობთ. ამ მიზეზის გამო მთავარი აქცენტი ევროპის ლიგის გათამაშებაზე გადავიტანეთ. სიმართლე გითხრათ, ლონდონში დიდი ანგარიშით წაგებას ნამდვილად არ ველოდი.
„ინტერის“ წინაშე ევროპის ლიგის ტურნირის მოგებაა. ამ მიზნის მისაღწევად დღეს ინგლისელებს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ. მესმის რომ სამბურთიანი სხვაობის გაქვითვა ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ამ ამოცანის შესრულება უნდა შეძლონ.
„ინტერის“ გულშემატკივრებს მოვუწოდებ რომ „სან სიროს“ სტადიონი ბოლომდე შეავსონ და საყვარელ გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში მხარი დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, დღეს დიდ სიურპრიზს გამოვაცხობთ და გუნდის ყველა თაყვანისმცემელს გავახარებთ.“ - განაცხადა ანდრე სტრამაჩონიმ გამოცემა „Goal.com”-თან საუბრისას.