გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს.
ინგლისური გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, ზაფხულში „ქალაქელები“ კოლო ტურეს, როკე სანტა კრუსს, უეინ ბრიჯს, გარეთ ბერის, კარლო ტევესსა და ჯოლეონ ლესკოტს გამოემშვიდობებიან.
საინტერესოა, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვთ სამირ ნასრის, ედინ ჯეკოს, დუგლას მაიკონს, სკოტ სინკლერსა და იონ გვიდეტს. მათი მომავალი კლუბის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინიზეა დამოკიდებული. თუ ეს უკანასკნელი გუნდში დარჩება, ზემოთდასახელებულ მოთამაშეებს ქალაქი მანჩესტერის დატოვება უპირობოდ მოუწევთ.
რამდენიმე დღის წინ მანჩინი გუნდის არაბ მფლობელებს შეხვდა და „სიტის“ შედარებითი წარუმატებელი ასპარეზობა ცუდ სატრანსფერო პოლიტიკას დააბრალა.
ცნობილი გახდა, რომ გასული წლის ზაფხულში იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტს რობინ ვან პერსის, ედენ აზარის, დანიელე დე როსის, ხავი მარტინესისა და დანიელ აგერის შეძენა სურდა. მანჩინის სამწუხაროდ, კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ფეხბურთელების ყიდვა არ მოისურვა.
„გაბრაზებულმა“ იტალიელმა გუნდში დარჩენის წინაპირობად ამჟამინდელი შემადგენლობის სასწრაფოდ გადახალისება და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის თავიდან მოშორება მოითხოვა.