უკვე რამდენიმე წელია ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობობას ქველმოქმედებას უთავსებს. ის ქველმოქმედთა სახლის "მომავლის გზის" საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. 2008 წელს დაფუძნებული ფონდის მიმართულება თავიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ხანდაზმულების დახმარება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, ფინანსების სიმწირის გამო, მათი ძირითადი მიმართულება მრავალშვილიანი დედების მოვლა-პატრონობა გახდა. ფონდის დამფუძნებელი დავით კინწურაშვილია. მასთან ერთად საქველმოქმედო ფონდს რამდენიმე თანადამფუძნებელი ჰყავს და მათ შორისაა ნინელი ჭანკვეტაძე. შევეცადეთ გაგვერკვია, რა სახის მხარდაჭერა ხორციელდება სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად ჩვენს ქვეყანაში. ვინ და რა სახის ყურადღებას იჩენს თავშესაფრის გარეშე მყოფი დედებისა და მათი შვილების მიმართ.
- ქალბატონო ნინელი, ალბათ ძალიან რთულია საქველმოქმედო ფონდმა პარტნიორები, დამფინანსებლები იპოვოს. როგორ ხდება თანხების მოძიება-გადანაწილება?
- ბუნებრივია, ამაში სახელმწიფო მონაწილეობას არასოდეს იღებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა ჩვენთან ბენეფიციარები მოდიოდნენ, კონკრეტული საკითხები მაინც სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო. როცა ფონდთან თანამშრომლობა დავიწყე, ერთ დღეს დათომ მითხრა, რომ იმ თანხით, რაც მაშინ მოვიძიეთ, პროდუქტები უნდა დაგვერიგებინა. ცელოფნის პარკში ჩაწყობილი ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი და სხვა პროდუქტები რომ დავინახე, ვუთხარი, ადამიანებს ეს როგორ ვაკადროთ-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თვალით ვნახე, რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ეს ყველაფერი და როგორ ელოდნენ ისინი ამ პროდუქტების მიღებას. როცა მომდევნო თვეებში სპონსორს ვერ ვპოულობდით, ან თანხა ყველაზე ვერ გვყოფნიდა, მერე მივხვდი, რომ მათთვის ამგვარი დახმარება ჰაერივით საჭირო იყო. ამის შემდეგ უკვე გაასმაგებული და გაათასმაგებული ენერგიის დახარჯვამ მომიწია. შეუძლებელია, ამ ფონდმა ადამიანები დააკმაყოფილოს ბინით, გაუკეთოს ოპერაციები, ეს ჩვენს ფუნქციაში არ შედის, მაგრამ ვცდილობდით ხალხი დაგვეკვალიანებინა, რეკომენდაცია გაგვეწია და მიგვეწოდებინა მათი საბუთები მერიაში, ჯანმრთელობის სამინისტროსა და სხვა უწყებებში. თუმცა წლების განმავლობაში ამ ადამიანებს არავინ ეხმარებოდა, როცა ეს ზოგიერთი უწყების უშუალო მოვალეობა იყო. დღეს მერიის თანამშრომლებსა და განსაკუთრებით გიგი უგულავას რომ ვუსმენ, მიკვირს, ახლა გაახსენდა სოციალურად დაუცველი ადამიანები?! ეს სასაცილოც აღარ არის. ჩვენ რეალურ ფაქტებზე ვლაპარაკობთ და ეს არ არის მონაჭორი. არსებობდა მრავალშვილიანი დედა ლალი მეტრეველი, რომელიც თავის შვიდ შვილთან ერთად რკინის "კონტეინერში" ცხოვრობდა. დიდი წვალების შემდეგ მერიამ მას ბინა უქირავა და იქ გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ ამის გამო ქულები მოუხსნეს, ანუ მერია მას ბინის ქირას უხდიდა და ის ქულები, რაც სოციალურად დაუცველებს ენიჭებათ, მას აღარ ერგო. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. გასაგებია, რომ ქალბატონს დროებითი თავშესაფარი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა შემოსავალი, რომ შვილები გამოეკვება. გამოყოფილი თანხა კი პურის შესაძენადაც არ ჰყოფნიდა. ამის გამო მას ჯართის შეგროვება უწევდა. ერთხელაც ისე მოხდა, რომ ჯართის შეგროვების დროს დაშავდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიშოვეთ ფინანსები, დასახმარებლად მივმართეთ მერიას, მაგრამ ამას რეაქცია არ მოჰყვა და ის ქალბატონი გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები არაერთია და ამიტომ მიმაჩნია უზნეობად, რომ მერიაში მსგავსი ტიპის გადაუდებელი ოპერაციებისთვის განკუთვნილი თუ სხვა თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა. ადრე თუ გვიან
ამაზე ყველა აგებს პასუხს.
- ერთხელ თეატრის ფოიეში ერთი ქალბატონი შემხვდა, რომელიც თქვენ გელოდებოდათ. მითხრა, რომ რამდენჯერმე დაეხმარეთ...
- ეს უკვე სხვა კატეგორიაა, ეს არ არის იმ ფონდის ხალხი. ისინი, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, აღწერილი გვყავს. სამწუხაროდ, მათ მისამართები არ აქვთ და ხანდახან ჩვენს ბენეფიციარებს ამის გამო ვკარგავთ. ზოგი ოფისში მოდის. რაც შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც თეატრში ნახეთ, ისინი გვხვდებიან ჩვენს სამეზობლოში, სახლში გვიკაკუნებენ. მათ იციან, სადაც ვმუშაობ და... ვეკითხები ხოლმე, რატომ ჩემთან, თქვენ გგონიათ, მდიდარი ადამიანი ვარ?! ჩემი პრობლემები ყველამ იცის, მაგრამ რამდენადაც შემიძლია, მათ მაინც ვეხმარები. ახლა ეს არ არის სალაპარაკო თემა. როცა ვხედავ, რომ ამას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ბევრჯერ გამიყვია მათთვის ის თანხა, რაც ჩანთაში მედო და მხოლოდ შინ დასაბრუნებელი ფული დამიტოვებია.
- თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლების პირობებში სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად რამე შეიცვლება?
- მინდა გითხრათ, რომ უკვე შეიცვალა. ეს კიდევ სხვა თემაა. ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იქცევა. უწინდელი ქმედება მხოლოდ პიარზე იყო აგებული. არაფერი ჰქონდათ გაკეთებული და მაინც რამდენჯერმე ჭრიდნენ ერთსა და იმავე ლენტს, სამჯერ-ოთხჯერ ხსნიდნენ ერთსა და იმავე საავადმყოფოს, რომელიც სულ ცარიელი იყო. ისიც გვინახავს, როგორ იწვა ერთ-ერთ საწოლზე ჩაცმული ადამიანი, რომელიც ალბათ დაიჭირეს და ძალით ჩააწვინეს ახალ ზეწარგადაფარებულ ლოგინზე. ახალი ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. მათ უკვე უამრავი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ უარს ამბობენ ყოველგვარ პიარსა და რეკლამაზე. ისინი გაკეთებულ საქმეებსა და მათ შედეგებზეც არ ლაპარაკობენ, რაც მთლად სწორადაც არ მიმაჩნია. მე კი ვიცი, რამდენს აკეთებენ, მაგრამ რეგიონებში, ან საზღვარგარეთ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან.
- ხელისუფლება პიარს ისევ აგრძელებს, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, პრეზიდენტი ელექტრომობილზე რომ გადაჯდა...
- დიახ, და ამის აქტიური პიარი ყველა ტელეარხზე მიდის. გამოდიან ის ადამიანები და გვიმტკიცებენ, როგორი ფრთიანი ანგელოზები იყვნენ. ალაპარაკებული მერაბიშვილიც ახლა პირველად ვნახე. ცხრა წელია ამ ადამიანისგან ერთი სიტყვა არ მოგვისმენია. მას არც ბოდიში მოუხდია გირგვლიანის საქმეზე, რომლის შემდეგ ის მინისტრის პოსტზე არ უნდა დარჩენილიყო. თანაც ეს ვაჟბატონები და ქალბატონები დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. გერმანიაში განათლების მინისტრს პლაგიატში დასდეს ბრალი. მან კი თქვა, თუ არ გჯერათ, რომ ეს ერთი ფრაზა ჩემი დაწერილია, მაშინ თანამდებობას დავტოვებო და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აქ ამდენი გახმაურებული საქმე დაგროვდა, რომელიც თუ პირდაპირ მერაბიშვილთან არა, მისი ოჯახის წევრთან იყო დაკავშირებული. ეს უზარმაზარი სკანდალია და ამ ადამიანებს დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ თავიანთი პოსტები, მაგრამ ამის ნაცვლად ვხედავ ჩიორასავით აჭიკჭიკებულ მთელ ნაცმოძრაობას, რომლებიც ტყუილების მოყოლას აგრძელებენ. ეს ძალიან ძნელი მოსასმენია. ამიტომ მინდა, ჟურნალისტებს მოგიწოდოთ, უფრო კარგად ჩაიხედოთ ახალი ხელისუფლების საქმეებში და თქვენ ილაპარაკოთ მათზე. ადამიანები ამას მალე იგრძნობენ და ეს რეალობაა. მთელი კახეთი ლოცავს ბატონ ბიძინას, სადაც უამრავ ოჯახს დაურიგა ფული. ეს ნამდვილად ციდან ჩამოცვენის ტოლფასია. მას ეს არ ეხება, არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რადგან შეჰპირდა, აკეთებს. სოფლის მეურნეობაში უზარმაზარი თანხაა ჩადებული და ამაზეც არავინ არაფერს ამბობს. სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ გვქონია და მგონი არც მანამდე. ჯანდაცვის სფეროშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ახალი სადაზღვევო სისტემაც უკვე ძალაში შევიდა...
დასაწყისში თქვენ მკითხეთ, როგორ ხდება სპონსორების მოძიება. რასაკვირველია, ისინი ძალიან რთული მოსაძიებელია. როგორც ორგანიზაცია, ასევე კერძო პირი, იშვიათად გამოთქვამს დახმარების სურვილს. ვიცი, რომ მათ ბევრი აწუხებს, ეს გასაგებიცაა, ამიტომ მათ მიმართ მკაცრი ვერ ვიქნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ წლებია ვარსებობთ ასეთი ადამიანების ხარჯზე და რომ არა ისინი, ფონდი ვერ იმუშავებდა. წლების განმავლობაში, როცა ბიზნესი ტერორში იყო, ბევრი ჩვენი სპონსორი გვერდით ვეღარ დაგვიდგა და ამის გამო მოგვიბოდიშეს. ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მე მათი მესმის, თუმცა შემოგვრჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მხარში გვედგნენ და მათ არ მიატოვეს ბავშვები. მათ შორის აუცილებლად მინდა დავასახელო "ახალი ნათება" და "ნიკორა". ამჟამად ახალი აქცია გვაქვს "ახალ ნათებასთან" ერთად, რაც "მომავლის გზაში" აღრიცხული მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად კეთდება. ამ კომპანიაში შეძენილი ეკონათურებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად გადმოირიცხება. მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ დედებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში არიან, ბავშვები ჩვენთან სამოთახიან ოფისში მოიყვანეს. ოცამდე ბავშვი იქ იმყოფებოდა. იძულებული გავხდით, ახალ შენობაზე გვეზრუნა, სადაც ისინი ნორმალურ პირობებში იცხოვრებდნენ. ამ საკითხზე ინფორმაცია და მათ შორის ანგარიშის ნომერი გაზეთში დავბეჭდეთ. როცა ბატონმა ბიძინამ ნახა, დახმარების სურვილი გამოთქვა. შემოდგომაზე გადმოგვეცა ძალიან ლამაზი შენობა ყიფშიძეზე, რომელიც გაგვირემონტეს, ავეჯი შეიძინეს. ეს ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ იქ ათი ბავშვი შევიყვანეთ და ათიც ოფისში დარჩა. გარდა ამისა, 24 ბავშვი დღის ცენტრში ივლის და კიდევ მაქვს თავშესაფარი მრავალშვილიანი დედებისთვის. მთლიანობაში 60-მდე ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი. ყიფშიძეზე შესახლება მათთვის ისეთი ემოციური იყო, რომ ორი ღამე არ ეძინათ. სულ მეკითხებოდნენ, ეს მართლა ჩვენია? აქ დავრჩებით? ხვალაც გვაჭმევთ იმ საჭმელს, რაც დღეს მოგვიტანეთ?! ბატონი ბიძინა ამ ამბავს არ ახმაურებს და ახლა რომ ვთქვი, შეიძლება ამაზეც გამიბრაზდეს (იღიმის)...