„ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს როცა გადაეცემა, ძლიერდება. დაახლოებით ეს იგივეა, ადამიანი ერთ ომში რომ მიიღებს მონაწილეობას და მერე მაგრდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე.
სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ერთ დღე-ღამეში 31 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, მეორე დღეს 30 ადამიანი დაიღუპა. დღემდე დაღუპულთა და დასნეულებულთა მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. რით აიხსნება კორონავირუსით დაღუპულთა შემაშფოთებელი მაჩვენებელი, რამაც შემოდგომის მაჩვენებელსაც გაუსწრო? რამდენად სწორია, როცა ასეთ საშიშ მონაცემებს სისტემური ანალიზის არარსებობას უკავშირებენ?
- რთულია ამაზე საუბარი. მე თვითონ დღეს გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია ვთქვა, რომ კორონა იმითაა ძალიან საშიში და მზაკვარი, რომ არ აქვს ლოგიკური განვითარების გზა. არსებობს დაავადებები (წითელა, წითურა), ვიცით, რომ ასეთ დროს ან გამოაყრის ადამიანს, ან სიცხეს მოუმატებს, მერე გადაივლის, კორონას შემთხვევაში კი ასე არ ხდება, შეიძლება, იმდენად ატიპურად წარიმართოს, ვერც გაიგოს ადამიანმა, რომ კორონა გადაიტანა. შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით განვითარდეს სიტუაცია - მძიმედ, საშუალოდ. მე მაგალითად, საერთოდ არაფერი არ მეტყობოდა სიცხის გარდა, მაგრამ მერე რომ გადავიღე, აღმოჩნდა სერიოზული პრობლემები. ერთი დღით რომ დამეგვიანა, შეიძლება ცოცხალიც არ დავრჩენილიყავი.
აცრილი იყავით?
- აცრილი არ ვიყავი, უბრალოდ, ვერ მოვასწარი, ფიზიკურად ვერ ჩავეწერე. ერთი წელიწადი მშვენივრად ვიყავი, ვიცავდი თავს და ვცდილობდი პაციენტებისგანაც არ გადამდებოდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვირუსი შესაყრელია, მაინც შეეყრება ადამიანს. თანაც, ახლანდელი ვირუსი გათანამედროვებული ვირუსია, ეს არის მეტ-ნაკლებად ადაპტირებული ადამიანის იმუნიტეტთან და, თუ სადმე ნახავს სუსტ წერტილს, ზუსტად იქ დაარტყამს. ცხოვრებაში ხალხს დიაბეტი არ ჰქონია და, კორონას შემთხვევაში, უვარდებათ შაქარი ზევით. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაავადება არ ჰქონდათ, მაგრამ მიდრეკილება ჰქონდათ დიაბეტისკენ, ამიტომ, შესაბამისად, ამ სუსტ წერტილზე დაარტყა კორონამ.
რამდენად ართულებს სიტუაციას დაგვიანებული მიმართვიანობა?
- სიმართლე გითხრათ, ალბათ, დაგვიანებული შემთხვევებიცაა, მეც ასე მითხრეს, ერთი დღეც რომ დაგეგვიანათ, ძალიან მძიმედ წავიდოდა პროცესებიო. ზოგიერთ შემთხვევაში, ნელა ვითარდება კორონა, მაგრამ, როცა ელვისებურად მიმდინარეობს (ასაკოვან ადამიანებში, სისხლის მიმოქცევის პრობლემის, შაქრიანი დიაბეტის, ზედმეტი წონის დროს) აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ერთ დღეში 30 ადამიანი იღუპება. ათასობით ადამიანი ინფიცირდება და 30 ადამიანის დაღუპვა არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთი ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა, მაგრამ, როცა სტატისტიკაზეა ლაპარაკი, ეს უკვე აღარაა გასაკვირი.
შემოდგომის მაჩვენებელს რომ გადააჭარბა დაღუპულთა ახლანდელმა რიცხვმა, ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ ამ ვირუსმა კიდევ განიცადა მუტაცია და უარესობისკენ შეიცვალა ბუნება?
- ჩემი აზრით, მოხდა ვირუსის პასაჟირება. თქვენთვისაც ეს ბევრჯერ მითქვამს, რომ ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს როცა გადაეცემა, იგი ძლიერდება. დაახლოებით ეს იგივეა, როცა ადამიანი ერთ ომში მიიღებს მონაწილეობას, მაგრდება, მეორე ომში რომ წავა, უფრო გამოცდილი ხდება. ვირუსიც ებრძვის იმუნიტეტს, გარკვეულწილად, გამარჯვებული გამოდის და მერე ვირუსი რომ უკვე გადაედება სხვას, უკვე გაძლიერებული გადაედება ხოლმე. სხვათა შორის, ბე ჰეპატიტის დროსაც ასეა, როცა ცოლს გადაეცემა ქმრისგან, შეიძლება ცოლი მოკვდეს და ქმარი გადარჩეს. თვითონ ვირუსოლოგებიც იყენებენ პასაჟირების მეთოდს, ვირუსი რომ გააძლიერონ, ერთი თაგვიდან მეორეზე გადააქვთ, მერე მესამეზე, მეოთხეზე და ასე აძლიერებენ ვირუსს.
თუკი პასაჟირების დროს ვირუსი ძლიერდება, ვაქცინაცია აზრს ხომ არ კარგავს?
- ვაქცინა ეს არ არის 100%-იანი თავდაცვა, ვაქცინა ადამიანს გადაარჩენს ან საავადმყოფოს, ან სიკვდილს, სხვა დანიშნულება ამ ეტაპზე, მით უმეტეს, ჩინურ ვაქცინას, არ აქვს. მე ვნახე ვაქცინირებული პაციენტები, რომელთაც დაემართათ ვირუსი. სამაგიეროდ, ის პაციენტები გადარჩებიან, არ მოკვდებიან.
საინტერესოა, სულ ახლახანს დაღუპულთა ასაკობრივი კატეგორია როგორია?
- ასე ზუსტად არ ვფლობ მონაცემებს, ზოგადი ინფორმაცია მაქვს და ანალიზს ვუკეთებ ხოლმე, როგორც ექსპერტი. ფაქტია, დაღუპულთა უმეტესობა იყო ან დაგვიანებული შემთხვევა, ან გვერდითი დაავადება ჰქონდათ. თუ სადმე რომელიმე კლინიკაში პირობები არ არის და ცუდად უმკურნალეს, მე ვერ გეტყვით, რადგან ის, რაც მე ვნახე, ის გმირობა, რასაც აკეთებენ ჩვენი ექიმები, ძალიან მწყდება გული, მაინც ისე არ შუქდება, როგორც უნდა გაშუქდეს. ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში არიან ეს საცოდავები, ჯერ იმ ფორმების ტარება რამდენად რთულია, ჩემი ექიმი ისე დაიღალა, რომ უძილობის გამო სიარულიც აღარ შეეძლო, წაიქცა და ხელი მოიტეხა. ესეც გმირობის დონეზეა.
თქვენ დაგვიანებულ მიმართვიანობაზე საუბრობთ. ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არაფერი სჭირს და არც მიმართოს ექიმს. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი თვითონვე აგვიანებს, თუ სისტემა აგვიანებს?
- ზოგს ჰგონია, გავცივდიო. სიმართლე ითქვას, უმეტესობა გარბის ახლა და კოვიდინფექციაზე იტარებს ანალიზს, მაგრამ მაინც არის ხალხი, რომელიც დაეჭვებულია. მე პირადად, ორი დღის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ გავცივდი და კონდიციონერმა გამაცია, რადგან თითქოს არაფერი მჭირდა, ჩივილები არ მქონდა, ანუ ვირუსი როცა ატიპურად მიმდინარეობს, მაშინ ხდება დაგვიანება. ასე რომ, პაციენტის ბრალიც არ არის ეს, ზოგჯერ არ ჰგავს ეს კორონას, არც გემოს გაუკუღმართება იყო, არც არაფერი, მაგრამ გაგვიჩნდება თუ არა სიმპტომი, უნდა წავიდეთ და გავიკეთოთ კორონას ტესტი. იქ არის გარკვეული პრეპარატები, რომელთა დაგვიანებით გაკეთებასაც აზრი აღარ აქვს. თქვენ სისტემური ანალიტიკური კვლევა ახსენეთ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი კვლევა ჩატარდება და მეტი მეცნიერი ჩაერევა საქმეში, ეს ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია, საავადმყოფოები მომარაგდეს ყველაფრით, რაც საჭიროა, იყოს თავისუფალი ადგილები, კომფორტი, ჟანგბადი, იყოს სატურატორები, ექიმი არ უნდა დაათრევდეს თავის სატურატორს, ყველა პაციენტს თავისი სატურატორი უნდა ჰქონდეს. ტექნიკურ ნიუანსებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გამუდმებით ექიმის გმირობაზე როგორ უნდა იყოს საქართველოს მთელი მედიცინა დამოკიდებული.
ხომ არ იჩქარეს შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნაც როგორ აისახება კორონაპანდემიაზე?
- თუ დაინგრა ქვეყანა და ეკონომიკა ჩამოიქცა, ასეც არ ივარგებს. სუფრასთან რომ დაჯდება ადამიანი, თუ ის ნორმალურად იკვებება და ზომიერად მიირთმევს საკვებს, მეორე დღეს ცუდი დღე არ დაადგება. ხოლო, თუ ზედმეტი მოუვა, პრობლემები შეექმნება. ამიტომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება წესის და რიგის დაცვით. შეიძლება ტურისტებიც შემოვიდნენ, თუნდაც სწრაფი ტესტი გაკეთდეს, თუნდაც აცრილები იყვნენ, გადატანილი უნდა ჰქონდეთ ვირუსი. მარტო საქართველო არ არის ამ დღეში, უამრავმა ქვეყანამ გახსნა საზღვრები, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ჩავიკეტოთ და ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდოთ, ჩვენ არ მოგვეპოვება ოქრო და ნავთობი.