ჯერ კიდე გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით, პედრო ალმოდოვარი კვლავ თავის დიდი ხნის მუზასთან — პენელოპე კრუზთან თანამშრომლობით გადაიღებდა ახალ ფილმს და მართლაც, რამდენიმე თვის წინ ამ ორმა გამორჩეულმა ხელოვანმა პანდემიისთვის გათვალისწინებული რეკომენდაციების დაცვით ახალ კინოსურათზე დაიწყო მუშაობა.
Madres paralelas (ერთნაირი დედები) არის ლეგენდარული ესპანელი კინორეჟისორის ახალი ფილმის სახელწოდება და მისი სიუჟეტი სამი დედის შესახებ მოგვითხრობს: როგორც ცნობილია, ალმოდოვარი ამ სცენარზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ჯერ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.
მომავალ ფილმში მთავარ როლებს პენელოპე კრუზთან ერთად ალმოდოვარის შემოქმედების ერთგული მაყურებლებისთვის ისეთი კარგად ნაცნობი სახეები შეასრულებენ, როგორებიც როსი დე პალმა და ხულიეტა სერანო.
"ამ ფილმით ქალების სამყაროს, დედობას და ოჯახს ვუბრუნდები. წინაპრებისა და შთამომავლების ურთიერთობის მნიშვნელობაზე მინდა, რომ მოვყვე. ჩემს შემოქმედებაში დედის ბევრნაირი სახეა, მაგრამ ამ ფილმში სულ სხვანაირი პერსონაჟები იქნებიან", — განაცხადა ალმოდოვარმა.
Madres paralelas (ერთნაირი დედები) პედრო ალმოდოვარის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება 2019 წელს გამოსული Pain and Glory-ის (ტკივილი და დიდება) შემდეგ, რომელმაც კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო, ოსკარებზე კი საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაცია დაიმსახურა.
ასევე შეგახსენებთ, რომ შარშან პედრო ალმოდოვარმა პირველი ინგლისურენოვანი, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ტილდა სუინტონის მონაწილეობით.