გუშინ საღამოს, ევროპის სტადიონებზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.
რასაკვირველია მსოფლიოს ყურადღება ბარსელონას „კამპ ნოუს“ სტადიონისკენ იყო მიმართული, სადაც ამ ქალაქის უპირველესმა გუნდმა, იტალიურ „მილანს“ სრული რევანში აუღო და ამ ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
გერმანიაში „შალკემ“ თურქულ „გალათასარაის“ უმასპინძლა და თბილისური ტოტალიზატორების აქტიური „წევრების“ პროგნოზი სრულად გაამართლა. „გალამ“ სტუმრად იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სტადიას მიაღწია.
გუშინ თბილისელი „ტოტალიზატორშიკები“ თურქულ გუნდს უპირატესობას კი აძლევდნენ, მაგრამ მატჩის შემდეგ ერთმა აფრიკელმა მობურთალმა ისეთი პროგნოზი გააკეთა, რომ ჩვენებური „ფსონშიკებიც“ ვერ წარმოიდგენდნენ.
გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ კოტ დივუარის ეროვნული გუნდის წევრმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ „გალათასარაი“ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში აუცილებლად იასპარეზებს.
„გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ვიმარჯვე. წინასწარმეტყველი არ გახლავართ, მაგრამ წელს „გალათასარაისთან“ ერთად მთელ საფეხბურთო მსოფლიოს გავაკვირვებთ.
„გალათასარაი“ ჩინებული კლუბია და ჩინეთში ასპარეზობაზე უარის თქმა ნამდვილად მიღირდა. თურქეთში მეორე ახალგაზრდობა გამეხსნა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა.
35 წლის გავხდი და დარწმუნებული გახლავართ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში „გალათასარაისთან“ ერთად არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევ.“ - განაცხადა დიდიე დროგბამ.