ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, ჯოდი ფოსტერი, კარიერაში მიღწეული წარმატებისათვის წლევანდელ კანის კინოფესტივალზე ღონისძიების მთავარ ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს, მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
მათი განცხადებით, ეს პრიზი ფოსტერის, როგორც ხელოვანის გავლილი გზის აღიარებაა. ამასთან, მისით პატივი მიეგება ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის "განსაკუთრებულ პიროვნულობას, რომელიც მოკრძალებულობის მიუხედავად, გამბედაობით ამახვილებს ყურადღებას ჩვენი დროს საჭირბოროტო საკითხებზე".
ფოსტერის დებიუტი კანის კინოფესტივალზე 1976 წელს შედგა. 13 წლის მსახიობი მაშინ მარტინ სკორსეზეს ფილმ Taxi Driver-ში მონაწილეობდა. კინოსურათმა იმ წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პრიზიც მიიღო.
წლების განმავლობაში, ფესტივალზე ფოსტერის შვიდი ფილმის ჩვენება შედგა. მათ შორის, მისი რეჟისურით გადაღებული კინოსურათისაც — The Beaver (2011.
"კანის კინოფესტივალისადმი დიდად დავალებული ვარ", — აღნიშნავს მსახიობი და რეჟისორი, — "ამ მოვლენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მანამდეც მქონდა გადაღებული, ღონისძიებაზე მისმა ჩვენებამ მაინც ბევრი რამ განსაზღვრა ჩემთვის. საკუთარი ნამუშევრის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და, რეალურად, ამ ოცნების ასასრულებლად რამდენიმე შესაძლებლობაც მქონდა... კანი გამორჩეული ხედვის მქონე რეჟისორების მიერ ხელოვანების დაფასების კინოფესტივალია და ამის გამო მე ძალიან მადლიერი ვარ".
ფოსტერს ჯილდო კანის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, 6 ივლისს, გადაეცემა. მანამდე ასეთი აღიარება მიღებული აქვთ ისეთ კინოხელოვანებს, როგორებიც ჟანა მორო, ჯეინ ფონდა და ანიეს ვარდა არიან.
კინოსამყაროს პრესტიჟული ღონისძიება წელს 6-დან 17 ივლისამდე გაიმართება.