ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ბუკინგემის სასახლე 1960-იან წლების ბოლომდე მაინც ზღუდავდა თანამდებობის ადგილებზე "არათეთრკანიანი ემიგრანტებისა და უცხოელების" დანიშვნას.
გამოცემის ცნობით, ბრიტანულ მმართველობაში დედოფლის როლზე მათ ჩატარებული მასშტაბური კვლევისას, ეროვნულ არქივებში სამეფო ოჯახის დოკუმენტები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის მიხედვით, დედოფლის მთავარი ფინანსური მენეჯერი 1968 წელს ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეეძლოთ, სამეფო ოჯახში მოსამსახურეებად დასაქმებულიყვნენ, თუმცა, ეკრძალებოდათ კანცელარიასა და ოფისში მუშაობა.
The Guardian ასევე იტყობინება, რომ მათ შეკითხვაზე, თუ როდის მოიხსნა აღნიშნული შეზღუდვები, ბუკინგემის სასახლეს არ უპასუხია. შესაბამისად, უცნობია, ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში მოქმედებდა ინსტიტუცია დისკრიმინაციული კანონებით. ამის მიუხედავად, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები შესაბამის პოსტებზე პირველად 1990-იან წლებში გამოჩნდნენ.
გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია განვითარებულ მოვლენებში დედოფლის როლზეც, რადგან გაერთიანებულ სამეფოში რასობრივი და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფი კანონები მხოლოდ 1970-იან წლებში შემუშავდა. ამდენად, ქალებსა და ეთნიკური უმცირესობების წევრებს, რომლებიც სამეფო ოჯახთან მუშაობდნენ, არ შეეძლოთ, სასამართლოში გაესაჩივრებინათ, თუკი მიაჩნდათ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდებოდა.
გასულ წელს დედოფალი ელიზაბეთ II კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ იქცა, რაც არც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და არც მოძრაობას "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" არ გამოხმაურებია.
სამეფო ოჯახისა და რასიზმის კავშირს ისტორიის გახსენებით აფასებს ამერიკული ვებგამოცემა Insider-იც. ონლაინმედიის ცნობით, მოქმედ მონარქს არც ის ფაქტი უღიარებია, რომ 1500-იანი წლების ბრიტანეთში არსებულ მონათმფლობელობაში ჩართული იყო სამეფო ოჯახიც. ამასთან, დედოფალი ელიზაბეთ I ღიად უჭერდა მხარს კაპიტან ჯონ ჰოკინსს, რომელმაც 1562 წელს 300 აფრიკელი დაატყვევა და ტყავში, ჯანჯაფილსა და შაქარში გადაცვალა.
მარტის თვეში, The Sunday Times იტყობინებოდა, რომ ბუკინგემის სასახლე ამჟამად "თანასწორობის აღმასრულებელს" ეძებდა, რომელიც სამეფო კარზე ინკლუზიურობას უზრუნველყოფდა. მიზანი კი ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირებისა და ლგბტქ თემის წევრების პროცესებში აქტიურად ჩართვა იყო.
რამდენიმე თვის წინ, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში, მეგან მარკლმა განაცხადა, რომ მისი ორსულობისას სამეფო ოჯახში იმას განიხილავდნენ, თუ რამდენად მუქი კანი ექნებოდა ჰარის მემკვიდრეს. მაშინ ინტერვიუს გამოეხმაურა პრინცი უილიამიც და აღნიშნა, რომ "სულაც არ არიან რასისტების ოჯახი".