ისრაელში სამთავრობო კოალიცია შეიქმნა

ისრაელში სამთავრობო კოალიცია შეიქმნა

პარტია „იეშ ათიდის“ ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს აცნობა, რომ სამთავრობო კოალიცია შექმნა.

„ინტენსიური მუშაობისა და ორწლიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, „იეშ ათიდის“ თავმჯდომარემ, იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რივლინს აცნობა, რომ მან წარმატებით შეძლო მთავრობის შექმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, იაირ ლაპიდი ახალი მთავრობის დამტკიცებას მომდევნო კვირას შეეცდება.

სამთავრობო კოალიციის შექმნა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიან მმართველობას დაასრულებს.

31 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ერთიანობის მთავრობა, რომელიც მიზნად მის ჩანაცვლებას ისახავს, საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.