ერდოღანი: ნუთუ ამერიკას სხვა საზრუნავი არ აქვს, ვიდრე სომხეთის ადვოკატის როლის შესრულება?

ერდოღანი: ნუთუ ამერიკას სხვა საზრუნავი არ აქვს, ვიდრე სომხეთის ადვოკატის როლის შესრულება?

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის მიზეზს განიხილავს.

„ივნისში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრის წინასწარი მომზადება მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე ჩვენ წამოვწევთ საკითხს იმის თაობაზე, თუ რატომ არის თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დაძაბულობის ფაზაში“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გამოხატა შეშფოთება აშშ-ის მიერ ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერის გამო.

„თუ აშშ ჩვენი მოკავშირეა, ეს მოკავშირე თურქეთის თუ ტერორისტების გვერდით დგას? სამწუხაროდ, ისინი ტერორისტების გვერდით დგანან“, - განაცხადა მან.

თურქეთის ლიდერმა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას 1915 წლის მოვლენებზე დაუშვებელი უწოდა.

„დავიღალეთ იმის ლოდინით, თუ ყოველი წლის 24 აპრილს რას იტყვის აშშ სომხებზე. ნუთუ ამერიკას სხვა საზრუნავი არ აქვს, ვიდრე სომხეთის ადვოკატის როლის შესრულება? ამ საკითხით ისტორიკოსები უნდა დაკავდნენ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.