ნატო–ს ლიდერების სამიტი, 2021 წლის 14 ივნისში ბრიუსელში საქართველოსა და უკრაინის გარეშე გაიმართება. ნატო–ს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ასპირანტმა ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებაზე მოახდინონ.
ცნობილია, რომ სამიტზე გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის არსებით და პერსპექტიულ ნატო 2030–ის დღის წესრიგზე, რათა ალიანსი გაუმკლავდეს დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს, როგორიც არის რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება.
„ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ რეფორმების გატარებაზე. მოახდინონ თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება, რადგან გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ვზრდით ჩვენს წარმომადგენლობას შავ ზღვაში.
ნატო–ს შავ ზღვაში ჰყავს სამი ქვეყანა – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. იქ გვყავს ასევე ორი ღირებული პარტნიორი – საქართველო და უკრაინა და მათთან ერთად ვმუშაობთ. მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას და ვაძლიერებთ შესაძლებლობებს. ნატო–ს წარმომადგენლობა გვყავს, როგორც ხმელეთზე ისე ჰაერში და ზღვაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის გეგმებს უკავშირდება, აღნიშნა, რომ ალიანსის ყველა ნაბიჯი, მისი ძალების მომზადების გასაძლიერებლად, იდგმება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი მიზნით.
„რასაც ჩვენ ვხედავთ – ეს არის რუსეთის ქცევის მოდელი, რომლის ფარგლებშიც რუსეთი, ბოლო წლებში, დიდ ინვესტირებას ახორციელებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებში. არა მხოლოდ ეს, რუსეთი მზად აღმოჩნდა, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ. უკრაინაში განაგრძობს დონბასის დესტაბილიზებას. ეს ერთ–ერთი მიზეზია, თუ რატომ გააძლიერა თავისი ძალების მზადყოფნა ბოლო წლებში. ნატო პირველ რიგში, თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას თავისი მოკავშირეები. ჩვენ მზადყოფნის დემონსტრირებას ვახდენთ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება მხოლოდ თავდაცვისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო–ს გადაწყვეტილება, რომ სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიეწვია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები საშინაო დავალების შესასრულებლად გაგზავნეს.
„კიევი და თბილისი ნატო–ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო–ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს: „ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად“. სამწუხაროა, რომ სტოლტენბერგმა არ ახსენა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა. ეს სწორედ იმ საშინაო დავალებასავითაა, რომელიც დიდი ხანია უნდა შესრულებულიყო“, – წერს მარია ზახაროვა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ნატოს სამიტზე მიიღება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ახალი დოქტრინა, მაგრამ რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის არმიწვევას, მაისაიას შეფასებით, 16 ივნისს დაგეგმილია ჯონ ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა და, როგორც ჩანს, ამ შეხვედრის ფონზე ნატოს არ სურს შექმნას კარგი თამაში ცუდი ნაღმის ფონზე.
„ყველა სამიტზე, რომელიც იმართებოდა, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით იმართებოდა. ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ამ ორ ქვეყანას უნდა. სხვა არც ერთ ქვეყანა ნატოში გაწვერიანების მსურველი არ არის. ესეც შემდგარი ფაქტია და ამის ფონზე გასაკვირია საქართველოს და უკრაინის არმიწვევა. მაგრამ, სავარაუდოდ, ბაიდენის და პუტინის შეხვედრამდე არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება. გარდა ამისა, ნატოს სამიტის პარალელურად იმართება ევროკავშირის და ამერიკის სამიტი, სადაც საკმაოდ სერიოზული საკითხები იქნება განხილული.
როგორც ჩანს, ერთი ფაქტორი არის რუსეთის არგაღიზიანება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ თვითონ ნატოს წევრ სახელმწიფოებში არ არსებობს გაფართოების პოლიტიკა. თუ გაფართოების პოლიტიკა არ იქნა დამტკიცებული, ისე ახალ წევრებს არავინ არ მიიღებს. როგორც ჩანს, გაფართოების კუთხითაც არის სერიოზული პრობლემები ნატოს წევრი ქვეყნებს შიგნით“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ნატო შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, შეჩერებულია სასამართლო რეფორმა და პლუს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის საბჭოთა პერიოდის დროინდელი.
„განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციის შესახებ კანონი არის მძიმე. ნატოს ხელმძღვანელობამ პირდაპირ თქვა, რომ მოახდინეთ თქვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაო. დღეს ეს სისტემა არ შეესაბამება არა თუ ნატოს, არამედ დემოკრატიული ქვეყნისათვის არსებულ სტანდარტებსაც კი. ერთადერთი ეს არის თავდაცვის ძალების რეფორმირება, ჩვენი თავდაცვის ძალები არის თავსებადი, მაგრამ სუს–ი და ძალოვანი სტრუქტურები ნაკლებად თავსებადია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგის ირაკლი გოგავას განცხადებით, ნატოში არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის თაობაზე. ამიტომ, ყოველ სამიტზე და შეხვედრებზე დიპლომატიური ლამაზი სიტყვებით იმედს უტოვენ საქართველოს და უკრაინას, ხოლო გადაწყვეტილება წევრობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„რატომ არ მიგვიწვიეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ შიგნით ნატოში არ არის გადაწყვეტილება. ცნობილია, რომ გერმანია და საფრანგეთი არ არის მომხრე ნატოს კიდევ უფრო გაფართოების. მათ ეს პოზიცია არ შეუცვლიათ. ასევე არის სხვა ქვეყნები, მაგალითად სკანდინავიური ქვეყნები, სამხრეთის ქვეყნები, როგორიც არის იტალია, მათ გაფართოება აღმოსავლეთით არ აინტერესებთ, უფრო იმ გაგებით, რომ არ სურთ ახალი კონფლიქტების გამოწვევა და ტერიტორიული პრობლემებით დახუნძლური ქვეყნების, როგორიც არის საქართველო და უკრაინა, მათი ალიანსში გაწევრიანება. რეალობა ეს არის. გეთანხმებით, რომ აშშ–ს უნდა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენი რესურსი იმისა, რომ ამაში ევროპა დავარწმუნოთ, არ არის. ეს არის ჰაერში ჩამოკიდებული საკითხი“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
კითხვაზე, საქართველოს და უკრაინის სამიტზე არმიწვევა, არის თუ არა პოლიტიკური ბერკეტი რუსეთისთვის, გოგავა პასუხობს, რომ ანალიტიკა კეთდება რუსეთში და კარგად იციან, რომ კონფლიქტის ზონები, სადაც რუსეთის შეიარაღებული ჯარებია, ალიანსი ასეთ პირობებში თავს შეიკავებს გაფართოებისგან.
„ამიტომ, სამიტზე დაპატიჟება–არდაპატიჟება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, გადამაწყვეტი ფაქტორია, როდესაც ნატოს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდება ახალი ქვეყნის მიწვევაზე“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, ნატოში საქართველოს მიღება არის შეუძლებელი.
„მე მგონია, ყველა დარწმუნდა, რომ ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ. ეს უნდა გავიგოთ. ის, რომ მხარს უჭერენ ჩვენს მისწრაფებას ნატოში და ნატო ვითომ მოისწრაფვის ჩვენსკენ, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, მაპზე უკეთესი და ასეთი გამონათქვემები დიდი ხანია კომიკური გახდა.
არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და სამხრეთ კავკასიაში ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, ნატოს საქართველოში მიღება არის შეუძლებელი. რაც სწრაფად გავიგებთ ამას, მით უკეთესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს და მისწრაფებას, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამას სერიოზულად არ აღიქვამენ არც ევროპაში და არც აშშ–ში“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა სრულიად გასაგები სიგნალი უნდა იყოს. მისი თქმით, ნატოს და დასავლეთს აწყობს, რომ საქართველო იყოს მისი გავლენის სფეროში, მას ჰქონდეს სავაჭრო რუსეთის ფედერაციასთან, რადგან აკონტროლებს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, საქართველოს აქვს პროდასავლური კურსი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დოზით.
„არავითარ შემთხვევაში ნატო და დასავლეთი არ დაუშვებს სიტუაციის იმ დონზე გამწვავებას, რომ რუსეთმა გამოიყენოს აქ სამხერდო–პოლიტიკური ინსტრუმენტები, ვგულისხმობ შეიარაღებულ ძალებს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს აშშ და მისი მოკავშირეები. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნატოსა და რუსეთს შორის ძალთა განლაგება არის მკვეთრად რუსეთის სასარგებლოდ.
თბილისიდან 40 კილომეტრის მანძილზე არის რუსული სამხედრო ძალები, ასევე დასავლეთ საქართველოში, გალის რაიონში არის რუსული სამხედრო ბაზები, საჰაერო სივრცე მთლიანად კონტროლდება რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველო შეიძლება მიიღონ ნატოში, უბრალოდ არაკვალიფიციურია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ბატონებო! გაცილებით უფრო კარგად, ვიდრე ეს მოლიბერასტო პოლიტიკურ ძალებს წარმოუდგენიათ!