ოფიციალური პარიზი და ბერლინი: რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

ოფიციალური პარიზი და ბერლინი: რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ნათქვამია საფრანგეთისა და გერმანიის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი სხდომის კომუნიკეში.

„მკაცრად ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ 2021 წლის 23 მაისს Ryanair-ის რეისის მინსკის მიმართულებით გადამისამართებას და რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. მივესალმებით ევროპული საბჭოს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას. რაც შეეხება ბელარუსში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და ბელარუსის ხალხის მიმართ ძალადობა შეწყდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.