„არც ერთი დამთხვევა არ არის შემთხვევითი და „ფროიდისეული წაცდენები“ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეხება. სხვანაირად რას მივაწერო ერთდროული და ორკესტრირებული კონცენტრაცია ერთი და იგივე თემებისა და მოვლენების, რომლებმაც მაინცდამაინც 26 მაისისთვის მოიყარეს თავი. გუშინდელ დღეს, მიწისძვრამდე, სოციალურ ქსელში შტურმის მოგერიებაც მომიწია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისაგან. თემა - რა მოგვიტანა დამოუკიდებლობის 30 წელიწადმა, რა მონაპოვარი შეგვრჩა ხელში და რა გვიხარია, ან რა გვეზეიმება ამ ჩამოშლილ და დაქუცმაცებულ ქვეყანაში.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, როდესაც გავეცანი მეზობელ სომხეთში ანალოგიურ მოსაზრებებს, პირდაპირი მოწოდებებით - ქვეყნის შესუსტებული სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით მაინც, სომხეთის „რუსეთ-ბალარუსის საკავშირო სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე, ჩემთვის გავიფიქრე - მსგავსი სურვილის მქონე თანამემამულე რამდენი გვეყოლებოდა საქართველოში. როგორც ჩანს - არც თუ ისე ცოტა. და რაკი დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ - მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. სხვა რამ მაინტერესებს - რატომ გამოხატავენ ამ აზრს ძალზე აგრესიული ფორმით? დევს ამაშიც რამე - „ფროიდისეული“? ის ხომ არ დევს - რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის 30-წლიანი პერიოდის რევიზიისკენ მოგვიწოდებენ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი აქტიური თუ პასიური უარყოფითი წვლილი შეიტანეს ქვეყნის მათთვის არასასურველ მდგომარეობამდე მიყვანის საქმეში და დღეს ჩემნაირებზე ცდილობენ საკუთარი კომპლექსებისა თუ ლატენტური უკმაყოფილების გადმოტანას? მომიტევეთ - ვერ მივიღებ.
მეტსაც გეტყვით - რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი პირველი მომხრე მე ვარ. და ამას, ჩემს ოპონენტებს გეუბნებით მე - რომელმაც უმეტესობაზე უკეთ რუსული კულტურაც ვიცი, რუსული ენაც, რუსული მენტალობაც და რუს/უკრაინელი დედის გაზრდილიც ვარ. მაგრამ თქვენს მცდელობებთან, ამ ურთიერთობების დალაგებას დაუკავშიროთ ქვეყნის ხვალინდელი დღის აღმავლობა და ამ დაულაგებლობაზე ჩამოწეროთ ჩვენი დღევანდელობის არასრულყოფილება - შეკითხვები მქონდა, მაქვს და მექნება. და მათი ოდენობა ჯერჯერობით მიღებულ პასუხებს აღემატება.
და მაინც, რატომ მაინცდამაინც 26 მაისისთვის იფეთქა ამ თემებმა? არანაირ შემთხვევითობას აქ ადგილი არა აქვს - კანონზომიერად მიმდინარეობს ამ ცნობილი და მოსალოდნელი ნარატივის რეალიზება. მაგრამ ჩემი და უფროსი თაობის ოპონენტების ეს ილუზორულ/ნოსტალგიური წარმოდგენები „რა მოგვიტანა ამ 30-მა წელიწადმა“ თემასთან მიმართებაში - იმსხვრევა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების წარმოდგენებთან, რომლებსაც უბრალოდ უკეთესი მომავალი სჭირდებათ და არა მათთვის გაუგებარ, უცნობ და მიუღებელ წარსულში დაბრუნების გზით. და თუ ამ უკეთეს მომავალს ვერ ვქმნით, ამ „26 მაისსაც“ თავი დავანებოთ და საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხი ბოლო 30 წელიწადში ამ საუკეთესო მომავლისათვის თითოეული შეწირული დღის ავკარგიანობაზე.
დამიწუნეს ეგვიპტური მონობიდან თავისუფლებამდე ებრაელების 40-წლიანი ბოდიალის ჩვენთან მიმართებაში შედარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ბოდიალის 30-ე წელს მოწუწუნე თანამემულეების ჩივილებს მოსესთან - ან საიდან გამოგვიყვანე ან საითკენ მიგყევართ - ასევე ექნებოდა ადგილი. აქვე ვუპასუხებ შეკითხვას - ან რომელია ჩვენში მოსე. რა გითხრათ, პერიოდულად გვევლინებოდა, მაგრამ როგორც წესი ვკლავდით - ჩამოგითვალოთ?
გეოლოკაციური თვალსაზრისით, უბრალო გადაადგილებას, რომელსაც ეგვიპტიდან იორდანემდე რამოდენიმე თვე თუ დასჭირდებოდა, სულიერი გადაადგილებისა და სულიერი ფერიცვალების 40 წელი დასჭირდათ ებრაელებს. ქართველები ამ პროცესის რა ეტაპზე ვართ - ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ სწორედ 26 მაისს ჩაეყარა საფუძველი, ჩემი და თქვენი არა - ჩვენი მომავალი თაობების „აღთქმულ მიწამდე“ მიყვანას, ეს უდაოა. და თუ ვინმეს დაგღალათ ამ ღვაწლმა ან იმედები გაგიცრუათ, რა გაეწყობა - უბრალოდ გაგვატარეთ“...