სოციალურ ნიადაგზე დაწყებული პროტესტები და ხალხის პრობლემებს მოწყვეტილი პოლიტიკური ელიტა

სოციალურ ნიადაგზე დაწყებული პროტესტები და ხალხის პრობლემებს მოწყვეტილი პოლიტიკური ელიტა

სოციალურ ნიადაგზე დაწყებული პროტესტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკოსების გარეშე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად არც ერთი პოლიტიკოსი თუ პარტია გვერდით არ დაიყენოს. ჩვენს თვალწინ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობები ყალიბდება, რომლებიც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებას არა გადადგომას, არამედ ამ პრობლემების მოგვარებას ავალდებულებენ.

სად და როდის ასცდა ჩვენი პოლიტიკური ელიტა საზოგადოებას და რატომ ვერ ხედავენ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ქვეყანაში ერთდროულად სოციალური პრობლემების ირგვლივ რამდენიმე წრე შეიკრა. ნამახვანჰესის გარდა კომპანია „ბორჯომის“ და „ნაბეღლავის“ თანამშრომლები გაიფიცნენ, რომლებიც კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ჩვენი პოლიტიკოსები კი, იმის მაგივრად, რომ ინტერესდებოდნენ რა არის ამ პროტესტების მიზეზი და რით შეუძლიათ დახმარება, კაბინეტებში სხედან და ოქტომბრის არჩევნებზე მისაღებ ხმებს ითვლიან. ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდჩატეხილობა გაჩნდა.  ამასობაში სოციალურმა პროტესტმა, შესაძლოა, უფრო დიდი მუხტი მიიღოს და, ადრე თუ გვიან, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შეიწირავს. საზოგადოება დაღალა ჩვენი პოლიტიკოსების 6-თვიანმა ჭიდილმა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რომელთაც ხალხის არსებობაც კი დაავიწყდათ.

საქართველო სახალხო პროტესტების ტალღაში ეხვევა

დედაქალაქის ცენტრში 26 მაისის ალტერნატიული ღონისძიება და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადასული „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია იმართება. ხელისუფლებას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი 25 მაისს უფრო მეტი ძალის ჩვენებას პირდება და ჰესის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. აქციის მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან და ღამეს იქ გაათენებენ. გოლეთიანი ხალხს მოუწოდებს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ წავიდნენ და მათ მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ. „რიონის მცველები“ თბილისში აქციების გასამართად 23 მაისს ჩამოვიდნენ. მათ მაგიდასთან სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ უხმო, თუმცა გოლეთიანმა შეხვედრა აქციის მონაწილეების თანდასწრებით ღია ცის ქვეშ მოითხოვა, რაზეც კუჭავამ უარი განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის აქციებზე სასაუბრო თემა. ამიტომაც ჯერჯერობით დიალოგის რესურსი არ ჩანს. აქციის მონაწილეები კი გზის გადაკეტვით და შენობების პიკეტირებით იმუქრებიან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნამახვანჰესის აქციაზე მისული ხალხი დაცლილია იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ. ამიტომ საზოგადოების ნაწილი დღეს პრობლემის მოგვარებას ითხოვს და არა ხელისუფლების გადადგომას. ძაბირაძე ამბობს, რომ ამ აქციაზე ყველანაირი გემოვნების ადამიანს შეხვდებით, რაც კი საზოგადოებაში არსებობს. იქნება ეს მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი, პროდასავლური თუ პრორუსული - ყველანაირი სახის საზოგადოება არის წარმოდგენილი. თუმცა, ამ საზოგადოებას ერთი რამ აერთიანებს - მოსახლეობამ დაინახა, რომ პოლიტიკური სპექტრი ძირითადად ისევ ერთმანეთთან კინკლაობითაა დაკავებული, ხოლო მათი პრობლემების მოგვარებას არავინ აპირებს. ამიტომ ერთროულად ქვეყანაში სოცილური პრობლემების ირგვლივ პატარ-პატარა კერების აფეთქება დაიწყო, რამაც შესაძლოა, უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს. ეს პროცესი რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, არის ახალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, როცა ხალხმა ისწავლა, რომ არა ხელისუფლების გადაყენება უნდა მოითხოვოს, არამედ მას საქმის კეთება უნდა მოსთხოვოს.

„ხალხის საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი იწყება. ჩვენ ყველაფერში სხვადასხვა რამეს ვხედავთ. ახლა გაჩნდა რაღაც პრობლემა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ერთიანდებიან. თანაც ისე, რომ ამაში პოლიტიკოსების ხელი არ ურევია. აქციის ორგანიზატორები თუ რაღაც შეცდომებს არ დაუშვებენ, ამ პროცესისადმი სოლიდარული უფრო მეტი ხალხი იქნება. ვხედავთ იგივე მოძრაობა კომპანია „ბორჯომის“ და „ნაბეღლავის“ ირგვლივ არის დაწყებული.

ხალხმა დაინახა, რომ პოლიტიკოსები მათი პრობლემების მოგვარებას არ აპირებენ, ამიტომაც დაიღალნენ და მათ გარეშე პრობლემების გადაჭრა თავად დაიწყეს. ჩვენ საზოგადოება იქამდე თუ მივა, რომ ნამახვანჰესის პრობლემა მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემა არაა და ხელისუფლებას ამ საკითხის მიმართ მეტი გამჭვირვალობა უნდა მოვთხოვოთ, ჩვენი პრობლემების გადაჭრა უფრო ადვილად შესაძლებელი გახდება. ხელისუფლების გადადგომას კი არ მოვითხოვთ, არამედ საკუთარი მოვალეობების შესრულებას მოვთხოვთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის არსი, როგორც არ უნდა ვიძახოთ, რომ ვიღაცისგან მართული პროცესია, პოლიტიკურისგან სრულიად განსხვავებულია, ხოლო როცა მსგავსი გულწრფელი პროტესტის გამოყენებას რომელიღაც ძალა შეეცდება, ამის შესაძლებლობა ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს. მისი აზრით, როდესაც ვამბობთ, რომ პროცესები უცხო ქვეყნის მართულია და ვიღაცა აქ დაინტერესებული მხარეა, მაშინ ხელისუფლება რას აკეთებს? რატომ მიჰყავს საქმე აქამდე? დაარწმუნოს დანარჩენი საზოგადოება, რომ პროცესები მართულია, თუ არადა მოუსმინოს ამ ხალხს და პრობლემის გადაჭრაზე იფიქროს.

„30 წლის განმავლობაში მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ვუყურებდით. ახლა კი ამ აქციიდან ვხედავთ, რომ ვიღაცას კონკრეტული მოთხოვნები აქვს და პოლიტიკური სპექტრისგან დისტანცირებულად მოქმედებს. ახლა პრობლემების გადასაჭრელად ბრძოლა იწყება. თქვენ ვერ დამისახელებთ ამ წლების განმავლობაში ვერც ერთ აქციას, რომელზეც არ ამბობდნენ, რომ რუსეთისგან მართული იყო. ამ პროცესის გამოყენება ვიღაცამ რომ არ მოინდომოს, აქციის მონაწილეებმაც ხელი უნდა შეუშალონ. უნდა გააგრძელონ ისევ ისე, როგორც ეს რიონის ხეობაში 200 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. არ ისაუბრონ ულტიმატუმის ენით და ლექსიკიდან რადიკალიზმი ამოიღონ. ქუჩების გადაკეტვას და პიკეტს არანაირი შედეგი არ მოაქვს. მშვიდობიან აქციას ვერავინ ვერაფერში გამოიყენებს. ხელისუფლებამაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმის აღსაკვეთად, რომ აქ სხვა ინტერესები არ გაჩნდეს. პროტესტი გულწრფელია და დიდი შეცდომა იქნება, თუ აქციის ორგანიზატორები ამის გამოყენების უფლებას ვიღაცას მისცემენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ პოლიტიკა იმისთვის არსებობს, რომ ხალხში არსებული პრობლემების ტრანსილირება მოახდინოს. ოპოზიციის ვალდებულება კი ისაა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მიიტანოს, რათა ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი იმით არის დაკავებული, რომ როგორმე საკუთარი პრობლემები გადაჭრას. ოპოზიციას რომ ჰკითხოთ - დღეს ქვეყანაში რამდენი გაფიცვაა და ეს ხალხი რას ითხოვს, ვერ გეტყვიან. შესაბამისად, ეს არის აბსოულუტურად კანონზომიერი პროცესი, როცა პოლიტიკურ ელიტას და ხალხს შორის ხიდი ტყდება, ბუნებრივია, ხალხი ე.წ. ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას იწყებს.

„ჩვენი ოპოზიცია ხან რუსეთის ინტერესებზე საუბრობს და ხან რაღაცა შეთქმულებებზე. ამ პროექტის ირგვლივ არსებობს კითხვები, რომ ეს კონტრაქტი კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ამ ხალხს, ვინც ე.წ. საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, არც კონტრაქტი აქვთ წაკითხული და არც გარემოსდაცვით ნებართვაში ერკვევიან. ლაპარაკს იწყებენ, რომ რუსეთს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს. ხალხში პროტესტი არსებობს, რომელსაც ვარლამ გოლეთიანი ახმოვანებს. რატომ უნდა დავინახო ამის უკან რაღაცა სიბნელე, როცა ჩვენი პოლიტიკური ელიტა სრულიად არაადეკვატურია?!

კი ბატონო, რუსეთი ყოველთვის მოცოცავს და ყოველთვის შეეცდება, რომ ისარგებლოს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედებებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ამის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ვიღაცას უაპელაციოდ რუსეთის აგენტობა არ უნდა დავაბრალოთ. გოლეთიანი სრულიად ლოგიკურ კითხვებს სვამს, რომელზეც პასუხი არ არსებობს. თავად ხელისუფლებამ განმეორებით ექსპერტიზა რატომ დანიშნა? იმიტომ, რომ რაღაცა იქ სწორად არ არის. 200 დღეა ეს ხალხი პასუხებს ითხოვს, რატომ არ პასუხობენ? ეს ხალხიც სწორად იქცევა, ამ პოლიტიკურ ელიტას გვერდით რომ არ იყენებს. ეს ოპოზიციაც გაიბუტა და ვითომ არც „ბორჯომში“ არსებობს პრობლემა, არც „ნაბეღლავის“ მუშები გაიფიცნენ და მარტო ნამახვანის საკითხია გადასაჭრელი. ეს დიდ სახალხო მოძრაობად შეიძლება გარდაიქმნას. სანამ პოლიტიკოსები ასე არაადეკვატურები იქნებიან, ხალხი პირდაპირ შეეცდება, რომ ხელისუფლებამდე სათქმელი თავად მიიტანოს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ახლა ყველა პოლიტიკოსი შეეცდება, რომ ხალხის გულწრფელი პროტესტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - აქედან ლევან ვასაძე და იქიდან მიხეილ სააკაშვილი გაქაჩავს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ბრძოლა დღეს წარმატებულიც რომ არ იყოს, არ არსებობს ამ დაკონსერვებულმა და უპერსპექტივო პოლიტიკურმა ელიტამ ხალხს მოუგოს. თუ ჩვენი პოლიტიკოსები ხალხის დღის წესრიგზე არ გადავლენ, ისინი დაისჯებიან. მათ არ აინტერესებთ რა ხდება ბორჯომში და ტყიბულში. რეალურად არ აინტერესებთ ხალხს შია თუ არა, მათი მთავარი საფიქრალი ახლა ისაა, ოქტომბერში ვინ მოიგებს. ოქტომბრამდე ხალხს ფიზიკურად გადარჩენა უნდა და ესაა მათი რეალური პრობლემა. თავად თეთრი პერანგებით კაბინეტებში სხედან და თათბირობენ, მაგრამ არა ხალხის პრობლემებზე. ბიჭები უბრალოდ, კარგად მოეწყვნენ და სხვა არაფერი აღელვებთ.

Katana . ავტორი:
"...სოციალური პრობლემების ირგვლივ რამდენიმე წრე შეიკრა. ნამახვანჰესის გარდა კომპანია „ბორჯომის“ და „ნაბეღლავის“ თანამშრომლები გაიფიცნენ, რომლებიც კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ჩვენი პოლიტიკოსები კი, იმის მაგივრად, რომ ინტერესდებოდნენ რა არის ამ პროტესტების მიზეზი და რით შეუძლიათ დახმარება, კაბინეტებში სხედან და ოქტომბრის არჩევნებზე მისაღებ ხმებს ითვლიან. ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდჩატეხილობა გაჩნდა.... საზოგადოება დაღალა ჩვენი პოლიტიკოსების 6-თვიანმა ჭიდილმა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რომელთაც ხალხის არსებობაც კი დაავიწყდათ."
!!!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მინერალური წყლების კომპანიის თანამშრმლები თუ თავის მოთხოვნებს დაიკმაყოფილებენ მაშინ მთელ საქართველოს მინერალური წყალი გაუძვირდება. რაც ზოგიერთისათვის აუცილებელიც კია. მაგალითად ჩემთვის!
რაც შეეხება "საზოგადოება დაიღალა"... მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაანგრია საქართველოში დემოკრატიის დანერგვის გაუთავებელმა პროცესმა! გამოსავალს ვერ ვხედავ! ეს აშშ-ს და ევროპის დემოკრატიული დუბინკა სულ უფრო და უფრო ხშირად უჩაჩქუნებს თავში ქართველ პოლიტიკოსებს! ისედაც ვერ იყვნენ და ახლა ხომ მთლად...!
3 წლის უკან
Katana ,,ამ მოცულობის და მასშტაბის ჰესის ასაშენებლად არ არის საკმარისი 800 მლნ დოლარი. დაანგარიშებულია დაბალ რისკებზე, რომ უფრო იაფი გახადონ ჰესის მშენებლობა“ - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა.

ვისაც აინტერესებს რეალური მდგომარეობა, წაიკითხოს დანარჩენიც:
ბმული
3 წლის უკან