ჩინური, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინის, „სინოვაკის“ სარეგისტრაციო პორტალი უკვე ამოქმედდა, იმუნიზაციის პროცესი კი ორშაბათიდან დაიწყება.
„სინოვაკი“, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა.
ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, თუ ვაქცინაცია ასე აქტიურად წარიმართა, ეს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დადებითად იმოქმედებს.
მისივე თქმით, „სინოვაკი“ „სინოფარმისგან“ დიდად არ განსხვავდება და მას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავტორიზაციას უახლოეს მომავალში მისცემს.
საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინაცია 24 მაისს იწყება. რა ვიცით ამ ვაქცინაზე და რით განსხვავდება იგივე ჩინური ვაქცინა „სინოფარმისგან?
- ტექნოლოგია იგივეა, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ვაქცინა ჯანმოს მიერ ავტორიზებული არაა. მაგრამ იმ დასკვნის მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ არის გამოქვეყნებული, უახლოეს მომავალში ავტორიზაციას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში ვიცით ის, რომ „სინოვაკს“ მძიმე უკუჩვენება არ აქვს და ადამიანს კოვიდ გართულებისგან იცავს.
ცნობილია, რომ „სინოფარმი“ ადამიანს დაახლოებით 70% იცავს, „სინოვაკს“ იმუნიზაცია რამდენი აქვს?
- თავდაცვის ამ პროცენტებზე ასე გიპასუხებთ - ახლა აღმოჩნდა, რომ „ასტრაზენეკა“ 90%-იანი ეფექტიანობა აქვს, მაშინ როდესაც ვიცოდით, რომ ეს რიცხვი 70% იყო. სიტუაცია იცვლება, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, კოვიდის რომელი შტამია გავრცელებული და ადამიანები რამდენად იცავენ რეგულაციას. აქედან გამომდინარე, ვაქცინირებულ ადამიანს შეიძლება ვირუსი დაემართოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით არის აცრილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობისგან იცავს. მთავარი ამოცანა ეს არის და მინდა ვთქვა, რომ ყველა ვაქცინა იცავს, ამიტომ არის საჭირო, რომ ავიცრათ.
მეორე საკითხია ვაქცინირებული ადამიანი ვირუსს ავრცელებს თუ არა. „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ადამიანს კოვიდი რომ დაემართოს, ძალიან იშვიათ შემთხვევაში გადასდებს სხვას. ეს აჩვენა იმ კვლევებმა, რომელიც საფუძვლად დაუდო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რეკომენდაცია გასცა, რომ ვისაც ვაქცინა ორჯერ აქვს გაკეთებული, მათ შეუძლიათ დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე შეიკრიბონ.
გასაგებია ეს დასკვნა „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ამ მხრივ რა ცნობებია?
- არ ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია ის, რომ მძიმე ფორმისგან იცავს. თეორიულად, წესით, გადადებისგანაც იცავს. ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია ამ ვაქცინებზე არ არის.
როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში „სინოვაკზეც“ ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას?
- „სინოვაკზეც“ ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას. ერთადერთი ცნობილია, რომ ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაა, რომელიც ერთხელ კეთდება. სხვა ვაქცინები ჯერჯერობით ორჯერ აცრას საჭიროებს. ასევე, მოსაზრებაა, რომ ერთი წლის შემდეგ დაგვჭირდეს კიდევ ერთი ბუსტერული დოზა ყველა იმ ვაქცინის, რომლითაც ახლა ჩვენ ვიცრებით. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზეც, მოვლენები როგორ განვითარდება.
როდესაც ვაქცინაცია 18 წლის ზემოთ მქონე ადამიანებისთვის დაიწყო, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვაქცინები უშვილობას იწვევს. ამ მხრივ რისი თქმა შეგიძლიათ?
- პირველად ვაქცინა მე-18 საუკუნეში გაჩნდა და ანტივაქცინისტებიც პირველად მაშინ წარმოიშვნენ. პირველი ბრალდება ვაქცინის მიმართ იყო ის, რომ ის აუცილებლად უნაყოფობას გამოიწვევს. ყველაზე ადვილი ფორმაა, რომ ადამიანი შეაშფოთო, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც სურთ აცრა. ასე რომ, ამ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ბოდვაა. ამ თემაზე არც კი უნდა ვილაპარაკოთ, იმდენად სისულელეა.
„სინოფარმის“ ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ელით, რომ „სინოვაკის“ ვაქცინაზეც ასეთივე მაღალი მაჩვენებელი იქნება?
- ძალიან მარტივი მათემატიკაა. ჩვენ რეალურად წინასწარ ვიცოდით, მინიმუმ 35% მზად იყო, რომ აცრილიყო. აქედან 20%-ს ჯერ კიდევ ვიდრე ვაქცინა შემოვიდოდა, იქამდე სურდა აცრა. დღეს მდგომარეობით 700 ათასს ადამიანს სურს აცრა და აქედან უმეტესმა ნაწილმა ინტერნეტის გამოყენება იცის და დარეგისტრირება შეუძლია. როგორც კი ჩვენ ასაკობრივი ზღვარი გავხსენით, მაშინვე 700 ათასს ადამიანს დარეგისტრირების საშუალება მიეცა. ასე რომ, გასაკვირი არაა, მოთხოვნა აჭარბებს მოწოდებას.
ზაფხული და ტურისტული პერიოდი მოდის. ვაქცინაცია რამდენად იმოქმედებს ზაფხულის სეზონზე და იქნება თუნდაც ტურისტულ ზონებში ხალხმრავლობა?
- ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური იქნება. თუ შევძელით და 20% ამ მხნის განმავლობაში ავცერით, ძალიან კარგი იქნება. კვლევების მიხედვით 35%-ს იმუნიტეტი ისედაც აქვს, რადგან ვირუსი გადატანილი აქვთ. ამ 35%-ს აცრილთა 20%-იც, რომ დაემატება ეს მოგვცემს იმედს და აღმოჩნდება, რომ ყოველ მეორე ადამიანს იმუნიტეტი აქვს. ამით გადაცემის ჯაჭვს გავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ამით პანდემიას ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ყოველი მეორე იმუნიტეტის მქონე ადამიანი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინფექციური გავრცელება მკვეთრად შევანელოთ.