ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარება ხორციელდება რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საბაჟო კონტროლის ღონისძიებები მოიცავს საქონლის დეკლარირების ეტაპზე წარმოდგენილი სხვადასხვა მონაცემების სისწორის კონტროლს, მათ შორის, საქონლის დასახელებისა და აღწერილობის, რაოდენობის, სასაქონლო კოდის, საბაჟო ღირებულების, გამოყენებული შეღავათებისა და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შემოწმებას.
მონაცემთა ანალიზის შედეგად, შექმნილი საბაჟო რისკის პროფილის საფუძველზე, რომელიც შეეხება ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხიდან შერჩეულ 10 სასაქონლო კოდს, (აღნიშნული საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) შეირჩა 18 სხვადასხვა კომპანიის, 28 საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
10 კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 16 დეკლარაციის შემთხვევაში, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა და გაფორმების პროცედურები დასრულდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სამი კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 3 დეკლარანტის მიმართ, ვინაიდან დეკლარირებული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და თითოეული დეკლარაციისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატებოდა 15 000 ლარს, შედგენილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ფინანსური სანქციის სახით, თითოეულ დეკლარატს ჯარიმა 1583,63 ლარი განესაზღვრა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტური და ფიზიკური ინსპექტირების ეტაპებზე წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ 6 სხვადასხვა კომპანიის (9 დეკლარაცია) მიერ იმპორტირებული ჰიგიენის ნაწარმი, რომლის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 467 ათას ლარს, არ წარმოადგენს 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს და მისი ასეთად დეკლარირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. შესაბამისად, საქონლის მაღალი ღირებულებიდან და სავარაუდოდ, შეგნებულად, თავიდან არიდებული იმპორტის გადასახდელის დიდი ოდენობიდან გამომდინარე ინფორმაცია და საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ეფექტიანი პრევენციისა და ამასთან, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ტიპის კონტროლის ღონისძიებებს.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.