მიეცემა თუ არა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას პოლიტიკური სარჩული და რამდენად არის შესაძლებელი, რომ აქციაზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა გაჟღერდეს? „რიონის მცველების“ მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა უკვე განაცხადა. მზადება დაწყებულია და აქციის ორგანიზატორებს ერთგვარი მორატორიუმი ჰქონდათ გამოცხადებული იმისთვის, რომ ამ აქციისთვის მომზადებულიყვნენ.
გოლეთიანი ამბობს, რომ „რიონის ხეობის“ მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ. ისინი გრძელვადიანი ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ, რადგანაც ბრძოლა ახლა იწყება. For.ge-სთან გოლეთიანი ირწმუნება, რომ 23 მაისის პროტესტი ყველაზე ფართომასშტაბიანი იქნება და ამისთვის ეს პერიოდი ემზადებოდნენ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემაა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნულმა პროექტმა დიდი საპროტესტო ტალღა უკვე ააგორა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: 1. ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, 2. საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.
არსებობს ეჭვი, რომ ამ აქციების უკან რუსული ინეტერესები დგას, რადგან კომპანია, რომელიც ამ ჰესს აშენებს, თურქულია. რუსეთს კი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ სურს. ამ ყველაფერთან ბმაში კი საქართველოში პოლიტიკოსად ახლად გამოჩენილი ლევან ვასაძეა, რომელიც ადასტურებს, რომ 23 მაისს გამართულ აქციაზე მივა. ამიტომაც არის მოლოდნი, რომ ვასაძე პოლიტიკურ მოთხოვნებს გაახმოვანებს და შესაძლოა, აქციას სწორედ ეს კონტექსტი მიეცეს, მით უმეტეს ის აქციის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განამვლობაში ნამახვანჰესის ირგვლივ მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს არ აჩერებს.
აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მათ საკმაოდ დიდი შუალედი ჰქონდათ აღებული იმისთვის, რათა 23 მაისის აქცია მოემზადებინათ. ბევრი პუნქტისგან შედგება ყველა ის დეტალი, რაც მათ უნდა დაელაგებინათ, ამისთვის კი დრო სჭირდებოდათ. მას აქვს მოლოდინი, რომ თბილისში გამართული აქცია მასშტაბური იქნება. თუმცა ჩვენს კითხვაზე - გახდება თუ არა ის პოლიტიკური მოთხოვნების ადგილი, გოლეთიანი ამბობს, რომ ყველაფერი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის მოთხოვნები დაემატება, მაგრამ ეს უშუალოდ გვინდა, რომ აქციაზე გავაჟღეროთ და მიტომ რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ. ეს იქნება უფრო დამძიმეული შინაარსის სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები. ჩვენ პროცესებს დინამიურად მივყვებით. სიტუაციას არც ხელოვნურად ვაჩქარებთ და არც ვანელებთ. მთავარი აქ ის არის, რომ შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ ორიენტირებული მხოლოდ ამაზე ვართ. ჩვენი მიზანი პროცესის პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანა არ არის. თუმცა არგათვალისწინების შემთხვევაში ეს ხელისუფლებამ უნდა გათვალოს, ამით საკუთარ თავს რა სახის ზიანს მიაყენებს. არ გვინდა ამ პროტესტმა რაიმე სახის რყევები გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ იმას ვერ ვიზამთ, რომ ამ ბრძოლას თავი დავანებოთ და სახლებში წავიდეთ. ეს არის ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლა.
იმიტომ, რომ პროტესტის გამო, ვიღაცას სკამზე პრობლემა არ შეექმნას, ჩვენი მიზნის განხორციელებას თავს ვერ დავანებებთ. ხელისუფლებას ადრეც ვაფრთხილებდით და ახლაც ვაფრთხილებთ, რომ ამ სიტუაციას ჩიხში ნუ შეიყვანს. საბოლოო ჯამში ეს ყველასთვის რთული იქნება, ამიტომაც საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. უბრალოდ ხალხის ნება აღასრულონ. დინამიკა უკვე არსებობს და ეს ხალხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. დიალოგს მუდმივად გაურბიან და მათი ვიწრო ინტერესები 5 წუთში ვლინდება“, - ამბობს გოლეთიანი.
მისივე თქმით, ხელსიუფლებას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციის მცდელობა აქვს, მაგრამ პირობების შესრულება არ უნდათ. როცა საუბარი დიალოგზე მიდის, ამის პარალელურად სამუშაოები უნდა შეწყდეს, ეს კი არ ხდება. ამიტომ გოლეთიანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ჰესზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს და დიალოგი მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს. ხელისუფლებას მხოლოდ დიალოგი დიალოგისთვის სურს, სადაც ლოზუნგების და ფლაერებით საუბრის მეტს არაფერს აკეთებენ.
თუკი ხელისუფლება აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მოთხოვნებს არ შეასრულებს, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ აქციის გარშემო პოლიტიკური აქტივობა დაიწყოს და „რიონის მცველებმა“ პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერონ? ამ კითხვაზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვპასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა მსგავსი მოთხოვნები, როგორც სრულდება ესეც ნანახი გვაქვს. For.ge-სთან აბაშიძე ამბობს, რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება, რომელიც კანონს არ სცდება, ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს, თუ ის პოლიციაზე არ ძალადობს და უკანონო ქმედებას არ სჩადის. ამიტომ ვარლამ გოლეთიანი იქნება თუ სხვა ადამიანი, მას ხალხის შეკრების უფლება ყველა წესის დაცვით ექნება.
„როგორც „უცნობმა“ იგივე გია გაჩეჩილაძემ ხალხი შეკრიბა და მშვიდობიანი პროტესტი გამართა, მსგავსი საპროტესტო აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუ ამას გოლეთიანი და მისი თანამზრახველები აპირებენ, გასაგებია, მაგრამ იქ თუ ზუსტად ის პოლიტიკური პროტესტის ნიშნები გაიჟღერებს, რასაც უკვე წლებია „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს, ბუნებრივია, ეს მათთვის სრულიად წამგებიანი იქნება. სხვა საკითხია, როცა ენმ ცდილობდა ამ საპროტესტო მუხტის გამოყენებას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 23 მაისს ახალი პოლიტიკური მოთამაშე ლევან ვასაძე გამოჩნდეს. ის სიმპათიებს ამ აქციის და ახალგაზრდების მიმართ არ მალავს. შეკითხვა მებადება, კი ბატონო, თუ ვასაძე ამბობს, რომ ის რიგითი პროტესტის გამომხატველი იქნება, აპირებს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას და რა სახის? თუ ეს პროტესტი გაგრძელდა სხვა პოლიტიკური მოთამაშეები როგორ მოიქცევიან? იქნება თუ არა ვასაძის და გოლეთიანის მოთხოვნები უნისონში?“,-კითხულობს აბაშიძე for.ge-სთან.
რაზე არის რეალურად დამოკიდებული ამ აქციის და პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანა? არის თუ არა ეს ხელისუფლებაზე დამოკიდებული? ანალიტიკოსი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ჯგუფმა პოლიტიკური მოთხოვნა უკვე გააჟღერა და განაცხადეს, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადამდგარიყო. თუმცა ამ მოთხოვნამ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა ვერ ნახა, ამიტომ მალევე გაქრა. ვნახეთ ასევე მარქსისტულ-ლენინისტური მოთხოვნები - მიწა ხალხს და ქარხნები მუშებს, ამ კომუნისტურმა მოწოდებებმაც ფართო მხარდაჭერა ვერ ნახა. ამიტომ თუ ეს ადამიანები კონკრეტულ პრობლემაზე არიან შეკრებილები და მხოლოდ ამაზე იქნებიან კონცეტრირებულები, მაშინ ხელისუფლებას მოლაპარაკების კარის კიდევ უფრო ფართოდ გაღება შეუძლია.
„როგორც კი იქ მოთხოვნები დადგება, გადადგეს ესა თუ ის მინისტრი და ვადამდელ არჩევნები დაინიშნოს, მაშინვე ყველა მიხვდება, რომ ეს კონკრეტულ სოცილურ პრობლემებზე ორიენტირებული ადამიანები კი არა, არამედ რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის დანამატია. არ ვუსურვებ გოლეთიანს და მის ჯგუფს, რომ ამ გაუგებრობაში მოყვნენ. ამ თამაშიდან აუცილებლად წაგებულები გამოვლენ. ვხედავ, რომ ამ პროტესტის გამო არიან ადამიანები გაერთიანებულები, რომლებსაც ჰესების პრობლემა დიდად არ ესმით. მხოლოდ სათაურებით და ზედაპირული განცხადებებით ლაპარაკობენ. მივესალმები ნებისმიერ პროტესტს თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.