დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა სხვადასხვა ვერსიას დაუდო საფუძველი, მათ შორის, საუბარია გარედან ინსპირირებულ კონფლიქტზე, რუსულ ინტერესზე, სამოქალაქო ინტეგრაციის არარსებობაზე ამ კონკრეტულ რეგიონში, მულტიეთნიკურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
რა დაგვანახა დმანისის მოვლენებმა, ის ხომ არა, რომ მულტიეთნიკურობა არ ყოფილა სიმდიდრე საქართველოსთვის და გარკვეული ძალები ჰიბრიდული ომის საშუალებად იყენებენ განსხვავებული ეთნოსის ადამიანებს?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დმანისის მოვლენებში გარე ძალების ჩართულობას გამორიცხავს. მისი აზრით, ელემენტარულად, ტრაიბოლიზმი, ტომობრივი კუთხურობა ჩვენს გენეტიკაშია. ერთადერთი კუთხე საქართველოში, რომელსაც არ ახასიათებს ტრაიბოლიზმი, კახეთია, რადგან კახეთში ყველა მშრომელია. კახეთში ისეთი დალოცვილი მიწაა, ოღონდ შრომა არ გეზარებოდეს, მშიერი არ იქნები. გურია კი მშიერი მხარეა, სამეგრელოს თხილი ჰქონდა, ფაროსანამ ესეც მოუსპო, სვანეთი ხომ მშიერი მხარეა, მით უმეტეს, ახლა ტურიზმი აღარ არის.
„კომუნისტები ამ მხრივ ჭკვიანი ხალხი იყო, ცეკაში ერთი მდივანი ყოველთვის მეგრელი იყო, შევარდნაძის მერე სულ გურულები იყვნენ, მაგრამ ერთი მდივანი მეგრელი უნდა ყოფილიყო, ერთი მდივანიც იმერელი, კახელებს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ მდივნის თანამდებობაზე, თავიანთი ვენახის გარდა არაფერი აინტერესებდათ და არც იყო ცეკას მდივანი კახელი. ახლა კი მშიერ მხარეში, დმანისში ასეთი დაპირისპირება მოხდა. გენეტიკურად სვანები მიწათმოქმედი ხალხი არ არის, სვანს თოხს და ბარს ვერ დააჭერინებ, სვანეთში ისეთი ბუნება იყო, ნადირობით ირჩენდნენ თავს. არ არის გამორიცხული, რომ უმუშევრობამ ახალგაზრებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს ყველგან, მით უმეტეს, როცა უფასოდ ითხოვენ სასმელს ველური კაპიტალიზმის პირობებში. ამიტომ ეს ყოფითი დაპირისპირება ეთნიკურ მომენტსაც გადაეჯაჭვა. ეს არის პრობლემა, რომ ეთნიკური უმცირესობები განათლებას იღებენ მედრესეებსა და მეჩეთებში და არ არიან შერწყმულნი ქართულ კულტურასთან. ეს ხალხი პოლიტიკურად ქართველები ვერ გავხადეთ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისი განმარტებით, ჩვენ გვაქვს რელიგიურ საქმეთა სააგენტო, თუმცა გაუგებარია, რას აკეთებს ეს სააგენტო.
„ამ სააგენტოს უფროსი, არ ვიცი, არის თუ არა კიდევ ამ თანამდებობაზე, მაგრამ იგი ჩემი დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი იყო, რომელიც გავრიცხე იმიტომ, რომ სამ წელიწადში ერთი გამოცდაც ვერ ჩააბარა და საიდან გაჩნდა მაგ სააგენტოში, წარმოდგენა არ მაქვს. მედრესეში როცა სწავლობს ახალგაზრდა, ის უკვე პოლიტიკურად ქართველი აღარ არის. კი ბატონო, მედრესეც ჰქონდეთ, მეჩეთიც, მაგრამ სკოლაში საერთო განათლების სისტემა უნდა იყოს. კომუნისტების დროს სკოლებში არ შეჰყავდათ ბოშები, მათი უბანი ქალაქგარეთ იყო, ცეკაში გამუდმებით იდგა ეს საკითხი, რატომ არ სწავლობდნენ ბოშები, მათი მშობლები ამბობდნენ, არ უნდათ სწავლაო, აქ რელიგია არაფერ შუაში იყო, მათი პროფესია იყო გადამყიდველობა და ქურდობა. ახლა კი სულ სხვა რეალობაა, მედრესეში რას ისწავლიან აზერბაიჯანელები? ეს იგივეა, როგორც ჩვენთან სასულიერო აკადემია, ამიტომ სკოლაში უნდა იარონ ბავშვებმა“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
ამასთან, სოსო ცინცაძე ინტერესდება, იცის კი ჩვენმა განათლების მინისტრმა, რას ასწავლიან მედრესეში? შეიძლება იქ ასწავლიან, რომ ყველა ქრისტიანი შენი მტერიაო. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეგვიპტეში მედრესეები აკადემიის დონეზეა, იქ მართლაც ღვთისმეტყველებას ასწავლიან და იქ საუბარია არა რადიკალურ, არამედ ნამდვილ ისლამზე. იქაური ღვთისმეტყველები ძველ ხელნაწერებზე მუშაობენ, დმანისში კი თუ არის მედრესე, იქ რას ასწავლიან, არავინ იცის და საეჭვოა, ჩვენი განათლების სამინისტრო კომპეტენტური იყოს ამ საკითხში.
დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, 1970 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მთელი მოსახლეობის 70% ქართველი იყო. 2014 წლის აღწერის მიხედვით კი, ქართველების წილმა მთელ მოსახლეობაში დაახლოებით 87% შეადგინა, ანუ შემცირდა სხვა ეთნიკური ჯგუფების რაოდენობა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა თავის ისტორიულ სამშობლოში, მათ შორის, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, სომხები, რამაც ხელოვნურად გაზარდა ქართველების ხვედრითი წილი. აქ საუბარია ქართველების ხვედრით წილზე და არა რაოდენობაზე, თორემ ქართველების რაოდენობა შემცირებულია.
რაც შეეხება უშუალოდ დმანისს, დემოგრაფი პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ, მთლიანობაში, საქართველოში ერთად არიან კონცენტრირებულნი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, სომხები ერთად არიან თავმოყრილნი, აზერბაიჯანელები - ერთად და სხვა.
„ესენი რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდნენ, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. მათი ასეთი ლოკალიზება, კონცენტრაცია განაპირობებს იმას, რომ უფრო დიდი გული აქვთ. მსგავსი კონფლიქტები არ გვჭირდება ქართველებს და არა მგონია, სჭირდებოდეთ აზერბაიჯანელებს. ამიტომაც ეს მგონია ხელოვნური, შემთხვევითი ფაქტი და არა სპეციალურად, ვიღაცის მიერ ორგანიზებული კონფლიქტი“, - აცხადებს ანზორ სახვაძე for.ge- სთან საუბრისას.
როცა პოლიტიკური შეკვათა არ აქვს, როცა მას უნდა ბატონი სოსო მაგარია!
ძალიან საინტერესოა, აზერბაიჯანში მცხორებმა ქართველებმა, აზერბაიჯანული ენა არ იციან? მით უმეტეს, ისინი იქ თვითჩასახლებული კი არა აბორიგენი მოსახლეობაა.